Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მინისტრის მოადგილე: ეკონომიკური ატაშეების ინსტიტუტის მეშვეობით გავაძლიერებთ ურთიერთობებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან

58fb56d9b82e9
BM.GE
22.04.17 18:20
732
"აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო ახალი სტრუქტურით გააგრძელებს საქმიანობას, რომელიც უფრო მოქნილი იქნება და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტიანს გახდის. "აწარმოე საქართველოში ბიზნესი", "აწარმოე საქართველოში ექსპორტი" და "აწარმოე საქართველოში ინვესტიცია"- ახალი სააგენტო ბიზნესს, ექსპორტს და ინვესტიციებს ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებს. რა იცვლება ბენეფიციარებისთვის, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა.

-ბატონო გიორგი, გასაგებია, რომ მთავრობა ცალკე სააგენტოების შექმნას მოერიდა და ეს მიმართულებები ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა, რა იქნება ამ მიმართულებების ეფექტური მუშაობის გარანტი?

-ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ორი სააგენტოს შერწყმის შედეგად მიღებული ახალი სააგენტო სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. ეს არის ბიზნესი, რომელიც გააგრძელებს იმ დაწყებულ პროგრამებს, რომელსაც ’’აწარმოე საქართველოში“ ახორციელებდა. ასევე ეს გააერთიანებს ერთიან ოფისს, რომელიც ინფორმაციის კონსოლიდირებას მოხდენს ყველა სახელმწიფო პროგრამის შესახებ და შეძლებს იქ მისულ ადამიანს სრული მომსახურება გაუწიოს ინფორმაციულობის თვალსაზრისით, მისი სწორად გადამისამართება მოახდინოს დაწყებული 5 ათას ლარიანი საგრანტო პროგრამიდან ძალიან მსხვილი პროექტებით დამთავრებული. ასევე ერთიანი სივრცის შემდგომი განვითარება მოხდება, ეს იქნება ბიზნესის სახლის ნაწილში, რომელიც შემდგომში დაიხვეწება, განვითარდება და ბიზნესისთვის ერთიან მომსახურების სივრცედ ჩამოყალიბდება.

-შეიზღუდა კადრები, თანხები დაიზოგა, თუმცა ეფექტურობა როგორი იქნება?

-რაოდენობები კიდევ უფრო დაზუსტდება და აქცენტის გაკეთება ჯერ ამაზე არ შეიძლება. რადგანაც ეს სამი მიმართულება ერთ ადმინისტრაციულ რესურსს მოემსახურება, მათ ერთიანი ფინანსური აღრიცხვის სისტემა ექნებათ და ერთიანი back office ექნებათ, რომელიც ყველა ამ ადმინისტრაციულ რესურსს განახორციელებს. დღეს ეს back office მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საფუძველზე არსებობდა, რომელსაც საინვესტიციო სააგენტო შეერწყა და კიდევ ექსპორტის მიმართულება დაემატება. ეფექტი უკვე სახეზე გვაქვს, როდესაც ვაძლიერებთ წინა ოფისს.

-რა იცვლება მეწარმეებისთვის, ბიზნესისთვის, მათთვის, ვინც საექსპორტო ბაზრებს ეძებს?

-უპირველესად, ექსპორტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ტექნიკური მხარდაჭერა განხორციელდეს ქართული კომპანიებისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება კვალიფიკაციის ნაწილში, თუ როგორ უნდა მოახდინონ ბაზრებზე შეღწევა, საფუძველი როგორ უნდა დაიმკვიდრონ. დღეს არის მაგალითები, როდესაც ქართული კომპანიებისთვის თავის დამკვიდრება სხვა ბაზრებზე ძალიან რთულია. ჯგუფი, რომელიც ექსპორტის მიმართულებით იმუშავებს ასეთ კომპანიებს კონსულტაციებს გაუწევს. ასევე გააცნობს ინფორმაციას, რა ტიპის საბანკო პროდუქტის გამოყენება შეუძლიათ, რათა ექსპორტის დროს თავიანთი ინტერესები დაიცვან და ა.შ. მეწარმეობის მიმართულებით ძირითადად მხარდაჭერის კომპონენტები იქნება. ეს არ იქნება ინსტრუმენტები. ინსტრუმენტები ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ექნება, რომელიც ცალკე ყალიბდება და ამის შესახებ თქვენ ინფორმაციას ფლობთ.

-უცხოელ შემსყიდვლებთან რა ფორმით იგეგმება ურთიერთობები?

-რა თქმა უნდა, ექსპორტიორების კონსოლიდირება მოხდება, რადგან მიწოდების ჭრილში არის გარკვეული საჭიროება იმისა, რომ მათი ერთობლივი კონსოლიდირება მოხდეს და ბაზრებზე მათთან ერთად, ერთობლივად შეღწევადობა მოხდეს. ამიტომ, აღნიშნულზე ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ყველაფერი კი ანალიტიკის საფუძველზე მოხდება. ბაზრების გაანალიზება, ახალი პროდუქტების შეთავაზება და ტექნიკური დახმარების გაწევაც აუცილებლად მოხდება. ასე, რომ წინ ძალიან საინტერესო პროცესი გველოდება, რაზეც თქვენც ჩაგაყენებთ საქმის კურსში.

-უწყება, რომელიც ინვესტიციების მიმართულებით იმუშავებს, იქნება თუ არა ის კოორდინაციაში ეკონომიკურ ატაშეებთან, როდესაც ეს ინსტიტუტი ამოქმედდება, მიზნობრივი ბაზრების ჩამოყალიბება როდის მოხდება და ძირითადად ისინი რა მიმართულებებით იმუშავებენ?

-ეკონომიკური ატაშეების მიმართულების ჩამოყალიბება დაახლოებით სექტემბრისთვის იგეგმება და სრულად უნდა იქნას ფუნქციონირებული ჩვენი მოლოდინით. ეს მარტივი პროცესი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ მათ გარკვეული დიპლომატიური სტატუსიც აქვთ. ეკონომიკური ატაშეების ქვეყნების განსაზღვრა ძირითადად ჩვენს არსებულ სავაჭრო პარტნიორებთან მოხდება და ვფიქრობთ, რომ მიმართულება აუცილებლად აღმოსავლეთის მხარეს გაძლიერდება. სავარაუდოდ ეს იქნება ჩინეთი და რომელიმე არაბული ქვეყანა, რადგან დიდ პოტენციალს ვხედავთ ამ ქვეყნების მიმართულებით. რაც შეეხება ეკონომიკურ ატაშეებთან საექსპორტო და საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობას, ისინი მათთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში იქნებიან. ეკონომიკური ატაშეები ექსპორტის კუთხით ქართულ ბიზნესს უცხოეთში მხარდაჭერას გაუწევენ და საინვესტიციო პროექტებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებით დახმარებას გაუწევენ.

-გაუმარტივდებათ თუ არა კომუნიკაცია ბენეფიციარებს ინვესტიციების მოზიდვით საქართველოში ან ექსპორტის ახალი ბაზრების ათვისებით?

-უპირველეს ყოვლისა, იქნება ერთიანი front office, რომელიც ყველა სახელმწიფო პროგრამას გააერთიანებს და, რა თქმა უნდა, ’’აწარმოე საქართველოს“ შიდა სამ მიმართულებასაც. ვფიქრობთ, რომ ინვესტიციების მიმართულებით იქნებიან მენეჯერები, რომლებიც ინვესტორის იდენტიფიცირებიდან მის ბიზნესის გაშვებამდე მათ მხარდაჭერას განახორციელებენ ყველა ეტაპზე და ისინი მუდმივ კონტაქტში იქნებიან ინვესტორებთან მათი საჭიროების განსაზღვრის კუთხით. ექსპორტის მიმართულებას რაც შეხება, აქ გარკვეული მიმართულებები ექნებათ და უშუალოდ კონკრეტულ დარგთან მიმართებაში იმუშავებენ და საერთო პრობლემების იდენტიფიცირებაზე იქნებიან ორიენტირებული. ინტერაქცია ძალიან დიდი იქნება და ბიზნესთანა კომუნიკაციაში ყოველდღიურად ჩაერთვებიან.