Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა შესაძლოა, შემცირდეს

597a08bc5c8c2
დავით ჯალაღონია
27.07.17 19:34
968
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით რეგულირდება, შესაძლოა, შემცირდეს. ამის შესახებ დღეს პარლამენტში "შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტზე სამუშაო ჯგუფის წევრები მსჯელობდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას პროფესიული კავშირების გაერთიანება არ ეთანხმება. გარდა ამისა, როგორც პროფკავშირების იურისტი ლარისა ლიპარტელიანი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ახალი კანონი ყველა დასაქმებულზე გავრცელდეს.

"კანონოპროექტის მიხედვით, ეს კანონი უნდა გავრცელდეს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, რომლის ნუსხა უნდა დაადგინოს მთავრობამ კანონის მღებიდან გარკვეულ ვადაში. აღნიშნული ნუსხა უკვე არსებობს, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიერ დამტკიცებული, 8000-მდე პროფესიით. ახლა სამინისტრომ, როგორც ინიციატორმა, გადაწყვიტა, რომ ეს ნუსხა დაავიწროვოს და კანონის მიზნებისთვის მისი მოქმედების სფეროდან ამორიცხოს მაგალითად, კვების მრეწველობა, ნავთობპროდუქტების წარმოება და ა.შ", - განაცხადა ლიპარტელიანმა „საქმის კურსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სამინისტრომ ახლებური ხედვა წარმოადგინა, რომლის მიხედვით, ეს შემცირებული ნუსხა მხოლოდ მომეტებული საფრთხის ობიექტებზე უნდა გაავრცელოს.

"როგორც დღეს გაირკვა, აღარ იქნება საუბარი მძიმე, მავნე და საშიშ პირობებზე და ნუსხა მხოლოდ მომეტებული საფრთხის ობიექტებზე გავრცელდება, რაც ჩვენი მოსაზრებით კიდევ უფრო დაავიწროვებს იმ პირთა წრეს, ვისაც ამ კანონის მოქმედება ეხება, თუმცა სამინისტრო ჯერ-ჯერობით ვერ გვთავაზობს პოზიციას, რა იგულისხმება მომატებულ საფრთხეში", - აღნიშნავს იურისტი.

თავის მხრივ, ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტლება ჯერ მიღებული არ არის.

"ეს არის მუშა პროცესი. საკონსულტაციო ჯგუფში სხვადასხვა შენიშვნები და მოსაზრებები განსახილველად გამოაქვთ და ვჯერდებით პოზიციაზე. ჩვენი მხრიდან წინსწრებით იყო წარმოდგენილი სამუშაო ვერსია იმ სამუშაოთა ნუსხისა, სადაც მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა განხორციელდეს ინსპექტირება. ეს არ არის დასრულებული პროცესი“, - განმარტა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ამ ეტაპზე დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ სამუშაო ჯგუფში განიხილება. მომდევნო შეხვედრა აგვისტოს დასაწყისში იგეგმება.