Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლევანის ტბის გასხვისებაზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

56bc455dc290e
BM.GE
11.02.16 12:21
1450
ლევანის ტბამ ინვესტორები ვერ დააინტერესა. ტბა აუქციონზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა, თუმცა იმის გამო, რომ მასში დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა არ მიუღიათ, აუქციონი ჩაიშალა. ტბაზე თევზჭერის ლიცენზირების მიზნით, აუქციონი გაზაფხულზე კიდევ ერთხელ გამოცხადდება.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს, უფროსის მოადგილე, სანდრო დევიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტბის დაინტერესებული პირებისთვის შეთავაზება, შედარებით დაბალ ფასად მოხდება. ლევანის ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი ღირებულება 32 000 ლარი იყო. სანდრო დევიძე აუქციონის ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად, ინფორმირებულობის ნაკლებობასაც ასახელებს.

"ტბებზე თევზჭერის ლიცენზირების პროცესში ლევანის ტბა პირველი იყო, რომელიც აუქციონზე იქნა გამოტანილი. ეს იყო საპილოტე ვარიანტი, შესაბამისად პირობებს გადავხედავთ, თუმცა უცვლელი დარჩება გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებული მოთხოვნა. წარმოების პროცესში ბევრი დეტალი ხდება ცნობილი, ტბის აუქციონზე გამოტანა ყველა ფაქტორის გამორიცხვის შემდეგ მოხდება", - აცხადებს სანდრო დევიძე.

გარემოს ეროვნული სააგენტო, თევზჭერის ლიცენზირების მიზნით, აუქციონზე გასასხვისებლად 12-მდე ტბას გამოიტანს. ტბების გასხვისება 10-20 წლის ვადით მოხდება, რაც მის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. ტბების ლიცენზირების გზით, სახელმწიფო უკანონო თევზჭერის აღკვეთას ვარაუდობს.