Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვა უმთავრეს გამოწვევად სახელდება

56e1485f77075
BM.GE
10.03.16 14:08
1277
საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღის შედეგები გამოაქვეყნა. ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღაში მონაწილე სპეციალისტების აზრით, ბოლო 6 თვეში განხორციელებული რეფორმებიდან, ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან წარმატებად C ჰეპატიტისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების უწყვეტად მიმდინარეობა დასახელდა. ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება და ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვა სპეციალისტებმა უმთავრეს გამოწვევად აღიარეს.
 
რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროში ძირითად გამოწვევა-პრობლემას, რაც სპეციალისტების აზრით, მთავრობამ დროულად უნდა მოაგვაროს, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია. მეორე პრობლემად დსახელდა მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუარესება და ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების პრობლემა.

რაც შეეხება ჯანდაცვის ბიუჯეტს, კვლევაში მონაწილე დაწესებულებათა მენეჯერების 52.3% პროგრამული თანხების ოდნავ ან მნიშვნელოვანი დაგვიანებით ჩარიცხვაზე მიუთითებენ.

2015 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტით დახარჯულია 572.5 მლნ ლარი, რაც 18%-ით აჭარბებს წლის დასაწყისში დაგეგმილი ბიუჯეტის მოცულობას. ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე კი 2015 წლის ბოლოს დაიხარჯა დაგეგმილზე 12%-ით მეტი. რეალურად დახარჯული თანხები ალბათ კიდევ უფრო დიდია, რადგან აქ მოყვანილი თანხები არ ასახავს იმ დაგროვილ დავალიანებებს, რომლებზეც რესპონდენტები მიუთითებენ.

რაც შეეხება მთავრობის პოლიტიკას ჯანდაცვის სფეროში და სპეციალისტთა შეფასებებს, მესამე ტალღის შემდეგ სულ იზრდება იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მედიკამენტების ფასების გაძვირებას აღნიშნავდნენ. მეექვსე ტალღის მონაცემებით, რესპონდენტთა 94.9% აღნიშნავს მედიკამენტების გაძვირებას.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წლის დეკემბერში გასული წლის დეკემბერთან შედარებით ჯანდაცვაზე ფასები გაზრდილია 10.5%-ით. ამ პერიოდისთვის ფასების ყველაზე მაღალი ზრდა გორსა და ბათუმში ფიქსირდება. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 7.7%-ით სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 24.2%-ით. სპეციალისტების აზრით, ფასების განუხრელი ზრდა მნიშვნელოვანი რისკია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, რადგან ერთის მხრივ ამცირებს ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობას და მეორეს მხრივ ზრდის მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს და შესაბამისად ამცირებს ხელმისაწვდომობას.

რაც შეეხება ბოლო 6 თვეში ჯანდაცვის დაწესებულებებში პაციენტის ჯიბიდან გადასახდელების შეფასებას, მესამე ტალღიდან მოყოლებული სულ უფრო იზრდება რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ჯიბიდან გადახდილი თანხების მატებას აღნიშნავენ და მათი რაოდენობა მეექვსე ტალღაში 46.2%-ს აღწევს. მოსახლეობის ფინანსური დაცულობის თვალსაზრისით, მესამე ტალღასთან შედარებით 37%-ით უფრო ნაკლები რესპონდენტი აღნიშნავს მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუმჯობესებას.

ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღის ბოლო თავი დათმობილი აქვს სამომავლო მოლოდინებს. ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით რესპონდენტთა უმრავლესობას (60.8%) პესიმისტური მოლოდინები აქვთ. პესიმისტურია მოლოდინი მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებითაც. სამედიცინო მომსახურებაზე ფასების გაიაფების მოლოდინიც პესიმისტურია და რესპოდენტთა უმრავლესობა (72.2%) ფასების გაძვირებას მოელის. სულ უფრო პესიმისტური ხდება რესპოდენტთა განწყობა მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუმჯობესების კუთხით. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (58%) სამედიცინო მომსახურებაზე პაციენტის ჯიბიდან გადასახდელების ოდნავ ან მნიშვნელოვნად მატებას მოელის შემდეგ 6 თვეში.