Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კვირიკაშვილის მთავრობას პარლამენტის მიერ გაუქმებული "საპოლიციო გამოსახლების" წესის ნაწილობრივ აღდგენა სურს

58f5d60314c7b
თელარა გელანტია
18.04.17 13:00
982
”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონ-პროექტის მიხედვით, პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება.

აღნიშნული კანონ-პროექტი, რომლის ინიციატორიც და ავტორიც საქართველოს მთავრობაა, უკვე პარლამენტშია.

კერძოდ, ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონპროექტის მე-11 მუხლით დგინდება, რომ ექსპროპრიაციის (ექსპროპრიაცია ნიშნავს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების სრულ ან ნაწილობრივ ჩამორთმევას წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის ანაზღაურების პირობით) უფლების მინიჭების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას უნდა დაექვემდებაროს.

თუმცა კანონპროექტით განისაზღვრა გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც ყოფილმა მესაკუთრემ უნდა გაათავისუფლოს ექსპროპრირებული ქონება. კერძოდ, მიწა, რომელზეც შენობა-ნაგებობაა განთავსებული ყოფილმა მესაკუთრემ უნდა გაათავისუფლოს 1 თვის ვადაში, ხოლო ის მიწა, სადაც შენობა-ნაგებობა არ დგას - არაუმეტეს 14 კალენდარული დღის ვადაში.

"ამ პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალდამცავ ორგანოს ნაწილობრივ უბრუნდება ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ ფუნქცია ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ უძრავ ნივთზე ყოფილი მესაკუთრის მხრიდან ექსპროპრიატორის საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ექსპროპრიატორს სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება, რაც გულისხმობს ქონების მის საკუთრებაში გადასვლას", - ნათქვამია კანონ-პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის: ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი მერვე მოწვევის პარლამენტმა 2015 წლის დეკემბერში გააუქმა, რის გამოც "საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ" და "საქართველოს ბანკების ასოციაციამ" 2016 წლის 11 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონის არსებით განხილვაზე უარი თქვა.