Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კურორტ "ბიოლის" განვითარებისთვის $14 მილიონზე მეტი დაიხარჯა

598f04d7579a0
BM.GE
12.08.17 17:32
977

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან ერთად, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი" დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა.

პრემიერმა კურორტის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და მის დამფუძნებელს, თამაზ მჭედლიძეს ალტერნატიული მედიცინის ბაზის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"თამაზ მჭედლიძე არის ადამიანი, რომელმაც დღეს საქართველოში ნულიდან შექმნა ეს საოცრება- შექმნა განსხვავებული რამ, რაც მანამდე ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, ვიდრე იქნებიან ასეთი პატრიოტები, ქვეყანა აუცილებლად წინ წავა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თქვენ გეყოლებათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იმისთვის, რომ ასეთი კერები საქართველოში სხვაგანაც განვითარდეს", - მიმართა პრემიერმა "ბიოლის" დამფუძნებელს.
მთავრობის მეთაური მიესალმა დავოსის მერის ტარცისიუს კავიეზელისა და მისი მეუღლის საქართველოში სტუმრობას და შვეიცარიასთან საქართველოს ძალიან საინტერესო, მზარდ ურთიერთობებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, ასევე, შვეიცარიასთან აქვს ძალიან საინტერესო ურთიერთობა მთიანი რეგიონების განვითარების კუთხით.

"შვეიცარია ნამდვილად გამოირჩევა ევროპის ქვეყნებს შორის და მსოფლიოში იმით, რომ ისე განავითარა საკუთარი მთიანი რეგიონები, რომ შეინარჩუნა ავთენტურობა. სწორედ ამის სწავლა გვინდა ჩვენ შვეიცარიისგან. ასევე მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოში გასულ შემოდგომას ჩამოსული იყო შვეიცარიის პარლამენტის სპიკერი ქალბატონი კრისტა მარკვალდერი, წელს შემოდგომაზე კი, ჩვენ ველოდებით შვეიცარიის პრეზიდენტის ქალბატონი დორის ლუთარდის ვიზიტს,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირები განსაკუთრებული ურთიერთობების დასტურია.

„ წელს 30%-იანი ზრდა გვაქვს და ვფიქრობ, თუ დავოსს შეუძლია, წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლოს, საქართველოს შეუძლია, სრულიად თავისუფლად უმასპინძლოს წელიწადში 10-15 მილიონ ვიზიტორს. ჩვენ უკვე შარშან გადავაბიჯეთ 6-მილიონიან მაჩვენებელს, წელს ვფიქრობთ, 7 მილიონს მივუახლოვდებით და თუ ამ ტემპით ვიარეთ, დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე წელიწადში შევძლებთ, 10 მილიონს გადავაჭარბოთ. 15 მილიონი კი, საქართველოსთვის ის მაჩვენებელია, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

პროექტში 14 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.