Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კრედიტებისა და ინვესტიციების 70%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის

5720c3d3d4f3a
BM.GE
27.04.16 17:48
1004
კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების 72,3% თბილისზე მოდის. ამ თვალსაზრისით, შედარებით აქტიურია აჭარა. დანარჩენი რეგიონები ჯერ კიდევ ინერციით ვითარდება.

ეროვნული ბანკის 1-ლი აპრილის მონაცემებით, მთლიანობაში ეკონომიკის დაკრედიტება 15,9 მილიარდი ლარია, აქედან 11,5 მილიარდი ლარი დედაქალაქში იყრის თავს, ანუ მთლიანი საკრედიტო პორტფელის 72,3%. წლების განმავლობაში, თბილისი, ეკონომიკურ თავკომბალად იქცა. ამიტომაც არის, რომ დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა სამუშაოს საძიებლად ან დედაქალაქისკენ მოიწევს, ან კიდევ საზღვარგარეთ მიდის. თბილისის შემდეგ რეგიონების დაკრედიტების მაჩვენებლით აჭარა ლიდერობს – 1,2 მილიარდი ლარი. ამ შავიზღვისპირა რეგიონში ყველაზე აქტუალური მშენებლობის დაკრედიტებაა.

მესამე ადგილზე იმერეთი იმყოფება – 835,207 მილიონი ლარით. მეოთხეა სამეგრელო ზემო სვანეთი – 477,391 მილიონი ლარი, ხოლო მეხუთე კახეთი – 452,103 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ უმეტეს რეგიონში ლარში გაცემული სესხები, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს აჭარბებს.

დაკრედიტების თვალსაზრისით, ყველაზე მაჩანჩალა რეგიონები რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (10,1 მილიონი) და მცხეთა-მთიანეთია (26 მილიონი).

2012 წლამდე დაკრედიტების მზარდი მაჩვენებლით ძირითადად თბილისი და აჭარა გამოირჩეოდა. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან დედაქალაქი საქართველოში ყველაზე გამორჩეულია ეკონომიკური აქტიურობით, ამასთანავე აჭარაში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით საკმაოდ სოლიდური ინვესტიციები იდებოდა. დანარჩენ რეგიონებში სესხებზე მოთხოვნის ზრდა 2013 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა აამოქმედა და სოფლის მეურნეობის განვითარება გაყინული წერტილიდან დაიძრა.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლების განმავლობაში მხოლოდ თბილისის ვითარდება, დანარჩენი რეგიონები კუს ნაბიჯით მიიწევენ წინ, ნაწილი კი სრულ სტაგნაციაშია.

გარდა დაკრედიტებისა, საქართველოში შემოსული ინვესტიციების უდიდეს ნაწილსაც მხოლოდ დედაქალაქი შთანთქავს. 2015 წლის წინასწარი მონაცემებით, თბილისში 75%-ით მეტი უცხოური ინვესტიცია შედის დანარჩენ საქართველოსთან შედარებით. რეგიონები, ძირითადად, ისევ სახელმწიფო პროგრამებზე არიან ჩამოკიდებულები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ინვესტორებმა თბილისში 1,094 მილიარდი დოლარი შეიტანეს, დანარჩენ საქართველოში კი 276 მილიონი დოლარი. ეს ნიშნავს, რომ დედაქალაქში ინვესტიციების 75% იყრის თავს.

ეს ტენდენცია უკვე მრავალი წელია გრძელდება. თბილისისთვის ყველაზე ნაყოფიერი საინვესტიციო წელი 2014 წელი იყო. იმ პერიოდში დედაქალაქში ინვესტორებმა 1,326 მილიარდი დოლარი დააბანდეს. 2014 წლამდე თბილისისთვის განკუთვნილი ინვესტიციები 800 მილიონ დოლარს არ გასცდენია.

დედაქალაქის საინვესტიციო მასშტაბებს მცირედითაც ვერ უახლოვდება, მაგრამ რეგიონების მიხედვით საინვესტიციო ნუსხაში მეორე ადგილზე ამ შემთხვევაშიც აჭარაა იმყოფება – 121,324 მილიონი დოლარი. აჭარაში შარშან შარშანწინდელთან შედარებით 38 მილიონი დოლარით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა თუ წინა წლებს გადავხედავთ ყველაზე უხვი უცხოური კაპიტალი რეგიონმა 2009 წელს მოაგროვა – 99,3 მილიონი ლარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რეგიონების მიხედვით ინვესტორებისთვის ასევე საინტერესოა – ქვემო ქართლი 55,417 მილიონი დოლარი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია – 50,819 მილიონი დოლარი, სამცხე-ჯავახეთი – 37,561 მილიონი დოლარი.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2015 წელს შიდა ქართლსა და კახეთს ინვესტორები არ სწყალობდნენ. თუმცა, ეს რეგიონები უცხოური ინვესტიციებით არც სხვა წლებში ყოფილან განებივრებულები.

შარშან კახეთიდან, შემოტანის ნაცვლად, ინვესტორებმა 9,438 მილიონი დოლარი გაიტანეს. კახეთისთვის, ინვესტიციების თვალსაზრისით ყველაზე ნაყოფიერი 2012 წელი იყო. მაშინ, ამ რეგიონში უცხოელმა ინვესტორებმა 15 მილიონ დოლარზე მეტი დააბანდეს.

მიუხედავად ამისა, სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, კახეთში დასაქმების მხრივ მდგომარეობა საშუალოზე უკეთესია. დასაქმებისა და აქტივობის დონით კახეთის მაჩვენებელი აღემატება საქართველოს საშუალო მაჩვენებელს, ხოლო უმუშევრობის დონე კახეთში უფრო დაბალია, ვიდრე სხვაგან. ეს, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა რაოდენობით არის განპირობებული.

შიდა ქართლი, სოფლის მეურნეობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია, თუმცა უცხოელი ინვესტორებს ვერც ეს რეგიონი იზიდავს. შარშან შიდა ქართლიდან 5,114 მილიონი დოლარის კაპიტალი გავიდა. ამ რეგიონში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია 2011 წელს დაფიქსირდა და ეს იყო 14 მილიონი დოლარი.

შიდა ქართლში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ღარიბთა კატეგორიას მიეკუთვნება. უფრო მეტიც, ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაახლოებით 20% იმყოფება, მათ შორის, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა ხვედრითი წილი 8%-ზე მეტია. შიდა ქართლში ასეთ ვითარებას დევნილთა დიდი რაოდენობით ხსნიან.

მთავრობამ რეგიონების ეკონომიკის გასაძლიერებლად თვითმმართველობის რეფორმა კი გაატარა, მაგრამ ამ რეგიონებში ფულის დატოვება დაენანა. 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რეგიონებისთვის გათვალისწინებული ტრანსფერები 300 მილიონი ლარით შემცირდა. ფინანსთა სამინისტრომ ამ დანაკლისს თავისებური ახსნა მოუძებნა. წელს საშემოსავლო გადასახადის რამდენიმე კომპონენტიდან მიღებული შემოსავალი თვითმმართველობებს დარჩება და სამინისტროს გათვლებით ეს სწორედ 300 მილიონი ლარი იქნება. თუმცა, რაიონებისთვის ნაბოძები კომპონენტების გათვლა იმდენად რთულია (მაგალითად, თუ ვინმე დაიღუპა და მისი ქონება მეორე პირმა ანდერძით საჩუქრად მიიღო), რომ ნაკლებად სავარაუდოა რაიონებმა იმ რაოდენობის შემოსავალი მიიღონ, რამდენიც ფინანსთა სამინისტრომ ტრანსფერებიდან დააკლო.

"ბანკები და ფინანსები"