Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, მიწაზე საკუთრების უფლებას ორგანული კანონი მოაწესრიგებს

58f8ac9dad8dd
თელარა გელანტია
20.04.17 17:00
940
საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, მიწაზე საკუთრების უფლებას ორგანული კანონი აწესრიგებს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტის მე-17 მუხლში (საკუთრების უფლება) შემდეგი ჩანაწერი გაკეთდება - "მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი".

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში მიწასთან დაკავშირებით ჩანაწერის რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის იყო:

1) "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საკუთრებაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა."

2) "მიწა, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი სტრატეგიული, შეუცვლელი, გაუმრავლებელი და მილევადი რესურსი, საკუთარი შთამომავლობის გარანტირებული საკვები ბაზა, საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. გამონაკლისი შემთხვევები განისაზღვრება კანონით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ".

3) "დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, მემკვიდრეობით მიღების შემთხვევის გარდა. უცხოელს, რომელსაც საკუთრებაში აქვს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს გაასხვისოს იგი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე“.

ცნობისთვის: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ფორმატში გამართული შეხვედრები დასრულდა. კომისია სამუშაო ჯგუფებში გამართულ შეხვედრებს გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებს, სადაც უკვე განხილული საკითხების კენჭისყრა მოხდება. შემაჯამებელი სხდომის გამართვა მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება.