Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

596f658cb5f81
BM.GE
19.07.17 17:57
788
კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე კომერციულმა ბანკებმა ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეჯამებული ინფორმაცია წარმოადგინეს. ბანკების შეფასებით, უმეტეს შემთხვევაში მოხერხდა კლიენტისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმება. შეღავათი ძირითადად გამოიხატა შენატანების გადავადებაში, ცალკეული მსესხებლებისთვის კი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, გაიზარდა საკრედიტო ლიმიტი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით.

ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრაზე, ასევე გამოითქვა მოსაზრებები თუ როგორაა შესაძლებელი მომავალში მსგავსი პრობლემების თავიდან არიდება. სახანძრო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, ბაზრობებზე მეიჯარეთა დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი ქონებისა და ბიზნეს უწყვეტობის დაზღვევაა. ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მსესხებლებს მიაწოდონ ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტებთან დაკავშირებით და ზოგადად, მეტი აქცენტი გაკეთდეს მარაგებისა და სავაჭრო ფართის დაზღვევაზე საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღებისას.

"საქართველოს საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და განვითარებული სფეროა, მას ენდობიან არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელი ინვესტორებიც და ამის ერთ-ერთი დასტურია საბანკო დეპოზიტების შეუქცევადად მზარდი ტენდენცია. ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის, ამოცანა ამ სტაბილურობასა და დეპოზიტარების ნდობაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, უნდა დავიცვათ ბალანსი, რათა ერთის მხრივ, საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, და, მეორეს მხრივ, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ დაზარალებულმა მოქალაქეებმა. კომერციული ბანკები ადრეც, ლარის გაუფასურების პერიოდში, ამოუდგნენ გვერდში მსესხებლებს რომელთაც უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ სესხი აღებული და შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქეს მათ სესხის მომსახურების ტვირთი.

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ კომერციული ბანკების მიერ დაზარალებულთათვის შეთავაზებულ შეღავათებზე. უმეტეს შემთხვევაში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მსესხებლებს რამდენიმე თვით გადაუვადდათ შენატანები სესხის მომსახურებისთვის, რაც მათ ბიზნესსაქმიანობის აღდგენაში დაეხმარება. რიგ შემთხვევებში მოხდა სესხის რაოდენობის გაზრდაც", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.