Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კარტოგრაფიული მონაცემებისთვის საზღვრისპირა ტერიტორიის აეროგადაღება მიმდინარეობს

59a7e7ac51ab5
BM.GE
31.08.17 14:33
1360
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქვეყნის ტერიტორიის აეროგადაღებებს აგრძელებს. ამჟამად აეროგადაღება საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამუშაოებს საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს (STATENS KARTVERK) დახმარებით, პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ ფარგლებში ახორციელებს.

გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მონაცემების შექმნისთვის აეროფოტოგადაღება ყველაზე საიმედო და ეკონომიურ მეთოდად მიიჩნევა. აეროგადაღებით მიღებული ზუსტი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მონაცემები საკუთრების უფლებების დაცვას, მიწის მართვის გაუმჯობესებას, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგების განვითარებასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების სწორად დაგეგმვას შეუწყობს ხელს. ახალ მასალებზე დაყრდნობით, საჯარო რეესტრი ორთოფოტოგეგმებს მოამზადებს, რომელსაც მრავალი დანიშნულებით, მათ შორის: კადასტრის მაღალი ხარისხით წარმოებისთვის, ასევე, ნავიგაციაში, სამგანზომილებიანი მონაცემების შესაქმნელად გამოიყენებს.

„რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ პროექტის დაფარვის არეალი დაახლოებით 40 000 კვ.კმ. შეადგენს. ამ დროისათვის აეროგადაღებებითი სამუშაოების 80%-მდეა დასრულებული. საქართველო–თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიის დასრულების შემდეგ, საჯარო რეესტრი საქართველო–სომხეთის საზღვრისპირა ტერიტორიის აეროგადაღებას გეგმავს.