Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირანული ჯგუფი ტრაქტორების საქართველოში ექსპორტითაა დაინტერესებული

56d843fe63b4a
თელარა გელანტია
03.03.16 17:57
1806
"ირანის ტრაქტორების ინდუსტრიული ჯგუფი" ტრაქტორების საქართველოში ექსპორტითაა დაინტერესებული.  ამის შესახებ ირანში მედია-ტურის ფარგლებში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს "ირანის ტრაქტორების ინდუსტრიული ჯგუფის" ექსპერტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში არაშ მოაზენზადემ განუცხადა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს თაბრიზში არსებული ტრაქტორების მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერებინა.
 
"ჩვენ გვსურს ტრაქტორების ექსპორტი საქართველოშიც დავიწყოთ, მაგრამ მთავარია, საქართველომაც გადადგას პირველი ნაბიჯი, თუ აქვთ სურვილი, რომ ირანული წარმოების ტრაქტორები შეიძინონ. ჩვენ გვაქვს ექსპორტის განყოფილება და დაინტერესების შემთხვევაში, შეგვიძლია ქართული მხარისთვის შეხვედრა მოვაწყოთ. აქამდე კონკრეტული კონტაქტი არ გვქონია და ახლა თქვენი, ჟურნალისტების დახმარებითაც მივაწვდით ინფორმაციას ჩვენი სურვილის შესახებ", - განაცხადა მოაზენზადემ და აღნიშნა, რომ ირანული ტრაქტორები თავისუფლად შეძლებს როგორც ხარისხის, ისე ფასის მიმართულებით კონკურენცია გაუწიოს ბელორუსული, რუსული და თურქული წარმოების ტრაქტორებს, რომელსაც საქართველო ყიდულობს.

"ჩვენი ინდუსტრიული ჯგუფი 16 სახეობის სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორებს უშვებს. წელიწადში მათი რაოდენობა 25 000-სს აჭარბებს. 2015 წლიდან ახალი ტიპის "ITMS 1500" ტრაქტორი გამოვუშვით, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ 5 ქვეყანა უშვებს. მას 150 ცხენის ძალა აქვს. ირანში მისი ფასი 50 000 დოლარიდან 60 000 დოლარამდეა, ხოლო მსოფლიო ბაზარზე მისი ღირებულება 100 000 დოლარია, მაგრამ ჯერ ახალი ტრაქტორი გაყიდვაში არ ჩაგვიშვია. ასე ვუშვებთ "ITMCO – 399"-ს, რომელსაც 110 ცხენის ძალა აქვს. მისი ღირებულება 20 000 დოლარია. ჩვენს ჯგუფს ირანის გარდა ფილიალები აქვს ვენესუელასა და ტაჯიკეთში, სადაც ჩვენი ტრაქტორის ნაწილებს აწყობენ. წარმოებული ტრაქტორების 70%-მდე ირანში იყიდება, 30% კი - უცხოეთში; ძირითადად ავღანეთში, სუდანში, აფრიკაში, ერაყსა და ვენესუელაში“, - აღნიშნა მოაზანზედემ.

ცნობისთვის, "ირანის ტრაქტორების ინდუსტრიული ჯგუფი" (ITMCO) ტრაქტორებს 1947 წლიდან აწარმოებს.