Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ირაკლი ლექვინაძე: მაისურაძე ან მცდარ ინფორმაციებს ეყრდნობა, ან დავალებას ასრულებს

56ba271ce92d1
BM.GE
09.02.16 21:43
1051
"თემურ მაისურაძე ან მცდარ ინფორმაციებს ეყრდნობა, ან დავალებას ასრულებს", - ასე პასუხობს თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძე პარლამენტარი, თემურ მაისურაძის მიერ, დღეს გამოთქმულ ბრალდებებს. ლექვინაძის განცხადებით, თემურ მაისურაძეს არც მერიასთან კომუნიკაციის პრობლემა შექმნია, რადგან დეპუტატი არც მას და არც სატრანსპორტო სამსახურს დაკავშირებია.
 
"მე მქონდა კომუნიკაცია თემურ მაისურაძესთან და გავარკვიეთ, რომ გენიოსში მე ნამდვილად არ მგულისხმობდა. ისიც გავარკვიეთ, რომ თურმე მას არც ჩემთან და არც ტრანსპორტის სამსახურის უფროსთან არ დაურეკავს. კომუნიკაციის პრობლემა ბუნებრივია, ვერ იქნებოდა თუ ის ჩვენ არ დაგვირეკავდა. ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ საკომუნიკაციოდ. თემურ მაისურაძე ან მცდარ ინფორმაციებს ეყრდნობა ან დავალებას ასრულებს.

ჩვენ მზად ვართ ყველას არგუმენტი და შენიშვნები მოვისმინოთ და მაქსიმალურად ავუხსნათ, ის რაც ეხება საკითხს.

სამწუხაროდ ბატონ თემურს არასწორად აქვს მიღებული ინფორმაცია, რომელიც ტენდერში ოთხი კომპანიის მონაწილეობას უკავშირდება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას და განმარტა, რომ ავტობუსების შეძენის პროცესი ორ ეტაპად მიმდინარეობს. ერთი მათგანი EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერია. თუ რამდენმა კომპანიამ მიიღო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა, ლექვინაძის განცხადებით, 9 მარტს გახდება ცნობილი. ხოლო რაც შეეხება, ავტობუსების ამწყობი ქარხნის აშენებას, ვიცე-მერის ინფორმაციით, პროცესით დაინტერესებული 4 კომპანიაა. 

"ჩვენ შემდეგ კვირაში გვექნება შეხვედრა ბატონ თემურთან. მე არ ვიცი ის რა კვლევებს ეყრდნობოდა. აჟიოტაჟის და ისტერიის შექმნის საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ჩვენ ერთმანეთს სატელევიზიო ეთერით ვესაუბროთ", - აცხადებს ლექვინაძე.

შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ მერიას გაზზე მომუშავე ავტობუსების შეძენა ბევრად ძვირი დაუჯდება ვიდრე დიზელის საწვავზე. დეპუტატმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" მერიასთან არსებულ კომუნიკაციის პრობლემაზეც ისაუბრა.

თემურ მაისურაძე: მაინტერესებს ვინაა ის გენიოსი, ვინც ასეთ რჩევებს აძლევს მერიას