Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჰაკათონის, მეიქათონისა და კრეათონის ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად, საგრანტო განაცხადების მიღება იწყება

5702272a7bdbf
BM.GE
04.04.16 12:33
924
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტენქოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო განაცხადების მიღებას ე.წ. ჰაკათონის, მეიქათონისა და კრეათონის ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. განაცხადები მიიღება 5-დან 22 აპრილამდე.

"საგრანტო კონკურსის მიზანია ქვეყანაში არსებული ინიციატივების წახალისების გზით ჰაკათონის, მეიქათონისა და კრეათონის ტიპის კონკურსების რაოდენობის ზრდა და მათ მიერ კონკრეტული პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა. ის საუკეთესო საშუალებაა ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებისათვის. ამ ტიპის ღონისძიებებზე მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისაგან შემდგარი გუნდები, დაამზადონ პროტოტიპი, მიიღონ გამოცდილება და პრაქტიკულად განახორციელონ საკუთარი იდეები",- განმარტავენ სააგენტოში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და არაკომერციულ იურიდიულ პირს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. 2016 წლის განმავლობაში კონკურსი ყოველკვარტლურად ჩატარდება, რომლის შედეგად თითოეული მიმართულებიდან (ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი) შეირჩევა 2 პროექტი, რაც კვარტალში ჯამში 6 პროექტს დაფინანსებას გულისხმობს.