Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი კეპულაძე: უცხოელებზე მიწის მიყიდვის რეგულაციები სასოფლო-სამეურნეო მიწების გირაოში ჩადებას კიდევ უფრო გაართულებს

592ff1af61cf6
სალომე მეცხვარიშვილი
01.06.17 14:47
1157
უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ბანკები სასოფლო-სამეურნეო მიწებს უფრო მაღალრისკიანად შეაფასებენ და ნაკლებ კრედიტს გასცემენ,- ამის შესახებ "საქმის კურსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განუცხადა.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოური კაპიტალით შექმნილ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს იპოთეკით დატვირთული მიწის დასაკუთრება მხოლოდ ერთი წლის ვადით შეუძლიათ, შემდეგ კი ვალდებული იქნებიან, მიწა გაყიდონ.

გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ საქართველოში ბანკების აბოსლუტური უმრავლესობა უცხოური კაპიტალით არის შექმნილი, შესაბამისად, ეს შეზღუდვა სასოფლო-სამეურნეო მიწების გირაოში ჩადებას გაართულებს.

"ზოგადად სასოფლო-სამუერნეო მიწებთან დაკავშირებით ბანკების პოლიტიკა ისედაც საკმაოდ კონსერვატიულია. შეიძლება ითქვას, რომ მიწის ღირებულების დაახლოებით 50%-ზე გასცემენ სესხს. მაგალითად თუ მიწა 10 ათასი ღირს, 5 ათასზე გასცემენ სესხს. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ბანკების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული, გამოდის, რომ ბანკები უფრო მეტი სიფრთხილით მიუდგებიან სასოფლო-სამეურნეო მიწების ჩადებას უზრუნველყოფაში, რადგან შემდეგში მას დაჩქარებულ ტემპებში მოუწევს მიწის გაყიდვა. ეს პრობლემებს წარმოქმნის დაკრედიტებასთან დაკავშირებით. ვისზე აისახება ეს საბოლოო ჯამში? რა თქმა უნდა, ისევ მომხმარებელზე, რომელსაც უნდოდა სესხის აღება და მის სანაცვლოდ გირაოში მიწის ჩადება",- აცხადებს გიორგი კეპულაძე.

მისივე შეფასებით, ზოგადად მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით "პოლიტიკური ორომტრიალი" ქართულ ეკონომიკას საკმაოდ დააზარალებს.

"ეს შეზღუდვები მხოლოდ ბანკებსაც რომ არ ეხებოდეს, გამოდის, რომ ჩვენ არასწორ სიგანლს ვუშვებთ უცხოელ ინვესტორებთან, რომ შეიძლება დიდი საწარმოს გახსნა უნდათ, მაგრამ ამ მიწას მხოლოდ იჯარით მისცემენ. ამის გამო შესაძლებელია, პრობლემები წარმოიქმნას და უნდობლობა დაინერგოს",- აცხადებს გიორგი კეპულაძე.