Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაზრდილი აქციზის ეფექტი ბიუჯეტში

59c600a1782c4
BM.GE
23.09.17 11:00
757
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების რვა თვის მონაცემებზე, გადაცემაში ’’საქმის კურსი“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.


-ბატონო გიორგი, შემოსულობების კუთხით რა მდგომარეობაა, რვა თვის მონაცემებით როგორია?

-ბიუჯეტის შესრულების კუთხით ჩვენ პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის განხილვა დავამთავრეთ. რვა თვის მანძილზე შემოსავლებში საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები გვაქვს. დაახლოებით 90%-მდე ცხრა თვის გეგმის უკვე შესრულებულია. დღეის მდგომარეობითაც ტენდენცია დადებითად ვითარდება და გადასახადების კუთხით, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტში ასევე ნაერთ ბიუჯეტში შესრულება გადაჭარბებით გვექნება. რაც შეეხება შემოსავლის სხვა წყაროებს, გრანტების მაჩვენებელი ასევე გადაჭარბებით იქნება შესრულებული და მთლიანობაში შემოსულობების მაჩვენებელი, რაც დაგეგმილი გვაქვს ცხრა თვის გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებული გვექნება. წლიურ გეგმასთან მიმართებაზეც გეტყვით, რომ ვფიქრობთ, რომ როგორც საგადასახადო შემოსავლებში, ასევე გრანტების ნაწილში წლიური გეგმიური მაჩვენებელი გადაჭარბებით იქნება შესრულებული.

-აქციზის გადასახადის შესრულება განსაკუთრებით თვალში საცემია. აქციზის გაზრდის დროს მოლოდინი იყო, რომ ბიუჯეტში დამატებითი თანხები შევიდოდა და რატომ ვერ მოხდა აღნიშნული თანხების მობილიზება?

-უშუალოდ აქციზს რაც შეეხება, ვინაიდან სიგარეტზე გარკვეული აქციზის ზრდა მოხდა, მარაგები, რომლებიც კომპანიებს ქონდათ გამოიყენეს იმისთვის, რომ ბაზარზე პირველ თვეებში ძირითადად ძველი აქციზით განბაჟებული სიგარეტი იყო გამოტანილი და მარაგების ამოწურვის ხარჯზე, ჩვენ აქციზის გადასახადის განაკვეთი რაც დაგეგმილი იყო 9 თვეზე, შედარებით ნაკლები მივიღეთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ერთჯერადი ფაქტორი იყო და მისი გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში ტემპი დაუბრუნდება იმას, რაც 2017 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული. თუ კი აღნიშნულ ერთჯერად ფაქტორს გამოვაკლებთ, აქციზის გადასახადი შეუსრულებელი არ იქნება.

-ვალდებულებების ნაწილსაც რომ შევეხოთ, გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებსა და ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებში შესრულება საკმაოდ დაბალია და აღნიშნული თანხები მობილიზებისთვის აღარ დაგვჭირდა?

-გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა მიბმული და ისინი უშუალოდ პროექტების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. ცხრა თვის გეგმაში რაც არის გათვალისწინებული ჩვენ ორი მსხვილი პროექტის დაწყებას ველოდებით სექტემბერში და შესაბამისად, მიმდინარე თვეში საკმაოდ მაღალი ათვისების მაჩვენებელი იქნება საინვესტიციო პროექტების ფარგლებში. ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს რაც შეხება, ჩვენ მსოფლიო ბანკიდან ორი მისაღები ტრანში გვქონდა დაგეგმილი, რომელთაგან ერთი უკვე მიღებულია, ხოლო მეორე ტრანშთან დაკავშირებით რატიფიცირება განხორციელდა პარლამენტში და შესაბამისად, თვის ბოლომდე ველოდებით, რომ აღნიშნული თანხის გადმორიცხვაც მოესწრება.

-გადასახადების ნაწილში შესრულება 83.4%-ია, გეგმავს თუ არა ფინანსთა სამინისტრო ცხრა თვის მონაცემებით 8.5 მილიონის შესრულებას, როგორც დაგეგმილი იყო?

-თუ დღევანდელი მონაცემებით ვნახავთ, ცხრა თვის გეგმის 90% უკვე შესრულებულია. ჩვენ ველოდებით, რომ შესრულების მაჩვენებელი 95%-ზე მაღალი იქნება. შესაძლოა რვა თვეში ყველაფერი ის ასახული არ იყო, რა სამუშაოებიც რეალურად მიმდინარეობდა. საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში სექტემბერში მაღალი ათვისებაა მოსალოდნელი და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინით, ჯამური ათვისება ცხრა თვის გეგმის მიმართ 95%-ზე მაღალი იქნება.