Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფოთის პორტში კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევას გამოიწვევს

5909bce64662e
BM.GE
03.05.17 15:18
1462
კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ ფოთის პორტის მხრიდან დაგეგმილი „ახალი სქემის“ ამოქმედებით შეიზღუდება ნავსადგურიდან გარე ტერმინალებში კონტეინერების სატრანსპორტო გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების ბაზრები, ისეთი ფორმით, რომელიც საზიანოა მომხმარებლის ინტერესებისათვის. სააგენტომ იმსჯელა შეზღუდვის გამართლების საკითხებზეც, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების ასპექტში, თუმცა მიიჩნია, რომ ხსენებული ფორმით კონკურენციის შეზღუდვის ობიექტური გამამართლებელი გარემოებები სახეზე არ გვაქვს.

ამდენად, სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 21 აპრილის N04/91 ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგინდა, რომ დაგეგმილი სახით კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება გამოიწვევს "კონკურენციის შესახებ' საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების დარღვევას. თუმცა, განხილულ შემთხვევაში, არ დადასტურდა ფოთის პორტის მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, ვინაიდან კონკურენციის საწინააღმდეგოდ მიჩნეული კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება არ მომხდარა.

ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, ასევე ფოთის პორტის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფოთის პორტს, საზღვაო ხაზებსა და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას სააგენტომ შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ ფოთში მოქმედი 14 სატერმინალო კომპანიის ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 21 ივნისის N81 ბრძანებით, დაწყებულ იქნა მოკვლევა სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" (შემდეგში - ფოთის პორტი) მიერ "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის თაობაზე. მოგვიანებით, მომჩივანთა მოთხოვნა გაიზიარა და სააგენტოს დამატებითი ინფორმაცია წარმოუდგინა ექვსმა საზღვაო ხაზმაც.

საჩივარი შეეხებოდა ფოთის პორტის მიერ გამოცემულ, 2016 წლის პირველი ივლისიდან ასამოქმედებელ ბრძანებას, რომელიც გულისხმობდა ფოთის პორტის მხრიდან საზღვაო ტვირთის (კონტეინერის) გემიდან სატრანსპორტო საშუალებაში გადმოტვირთვის, პორტის კუთვნილ ტერიტორიაზე ტრანსპორტირების და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაწყობების მომსახურებებზე ერთიანი, ინტეგრირებული ტარიფის დაწესებას.

სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 24 ივნისის დროებითი განჩინებით, მოკვლევის დასრულებამდე შეაჩერა ფოთის პორტის ხსენებული ბრძანების ამოქმედება.

მოკვლევის პროცესში, სააგენტომ გამოითხოვა ყველა საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამისი ეკონომიკური აგენტებისგან; განხორციელდა ახსნა-განმარტებების მიღება მომჩივანი სატერმინალო კომპანიების, ფოთის პორტის, საზღვაო ხაზებისა და გადამზიდავი სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებისგან; სათანადო კონსულტაციები მიღებული იქნა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან; ასევე, სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით, მოკვლევის ჯგუფის წევრები მივლენილ იქნენ ფოთის პორტსა და სატერმინალო კომპანიებში.