Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ეროვნული ბანკი: ლარის კურსის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ლარიზაციის ზრდა

5729b0ef113f6
BM.GE
04.05.16 12:19
973
ეროვნული ბანკი 2015 წლის ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
 
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა წინა წლებში დაფიქსირებული ლარიზაციის ზრდა, განსაკუთრებით დეპოზიტების შემთხვევაში.

"2015 წლის პირველ სამ კვარტალში სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი იზრდებოდა, თუმცა ოქტომბრიდან ტენდენცია შეიცვალა და ლარიზაციის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო. ეს ფაქტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად ლარით გაცემულ სესხებზე პროცენტის მატებას უკავშირდება, რითაც პროცენტული სხვაობა უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებთან შედარებით გაიზარდა. საბოლოოდ, სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი 2015 წელს, გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გამოკლებით, 2.1 პროცენტული პუნქტით - 35.6%-მდე გაიზარდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეპოზიტების ლარიზაცია წლის პირველ ნახევარში, კურსის გაუფასურების მიუხედავად, სტაბილური იყო, თუმცა წლის მეორე ნახევარში შემცირდა და წლის ბოლოს 31%-ს მიაღწია“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

რაც შეეხება ლარიზაციის წახალისების პროცესს, სებ-ში განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების სესხების გირაოს ბაზის გაფართოვებამ და მასში მინიმუმ BBB რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით 10 დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების ჩართვამ წაახალისა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ადგილობრივ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების გამოშვება.

კერძოდ, 2015 წელს ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) დაიწყეს. ჯამში ზემოთ ნახსენებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად (EBRD) 2015 წელს 203 მილიონი ლარის ღირებულების ბონდების ემისია განახორციელა. „აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს კაპიტალისა და მეორადი ბაზრების გააქტიურებას და ახალისებს ადგილობრივი კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტს 2015 წლის ანგარიშს სავარაუდოდ მომავალ კვირას წარუდგენს.