Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ასამოქმედებლად, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა

59089521b4643
ნინო კვინტრაძე
02.05.17 18:17
1268
საპარტნიორო ფონდი სადაზღვევო ორგანიზაცია ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს აფუძნებს. დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებებით, სააგენტო გასცემს გარანტიებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ რისკებზე ან/და ფორსმაჟორულ, ეკონომიკურ, კომერციულ (მათ შორის საკრედიტო) ან სავალუტო რისკებზე.

მითითებული დაზღვევა და გარანტიები შესაძლებელია ასევე გაცეს ადგილობრივ და უცხოურ კრედიტორებზე, მათ მიერ ნებისმიერი ფორმით გაცემული კრედიტებისათვის.
ექსპორტის საკრედიტო სააგენტო უფლებამოსილია გასცეს კრედიტი, აწარმოოს ფაქტორინგული ოპერაციები, იკისროს თავდებობა, სოლიდარული თავდებობის ჩათვლით.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, დაარეგულიროს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს საქმიანობის საკითხები.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ სააგენტოსთან არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად. ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული პირი.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მისი მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ამასთან, კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები მიმდინარეობდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან.

ამასთან ცვლილებები შედის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონშიც რომლიც ადგენს სს საპარტნიორო ფონდის საგამონაკლისო უფლებას, დააფუძნოს სადაზღვევო ორგანიზაცია - საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო, რადგან სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%-ს, ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა, რაც გადაულახავ ბარიერს ქმნის სს საპარტნიორო ფონდისთვის ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დასაფუძნებლად.

კანონპროექტზე საპარტნიორო ფონდმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იმუშავა.