Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებისთვის ევროპულ მხარესთან სამუშაო შეხვედრა სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიმართება

56ce98cff1c14
დავით ჯალაღონია
25.02.16 10:00
1118
ენერგო-გაერთიანებაში გაწევრიანებისთვის ევროპულ მხარესთან სამუშაო შეხვედრა სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიმართება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, 17 მარტს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხზე კონფერენცია ჩატარდება, სადაც გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანის მიწვევით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ ღონისძიების მიმდინარეობისას გადაწყდება, კონკრეტულად როდის შედგება მხარეებს შორის შეხვედრა საქართველოს ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამდე გამონაკლისების დაწესებას ითხოვს.

მარიამ ვალიშვილის განმარტებით, ამ მოთხოვნის ერთ-ერთი წინაპირობა „გაზპრომთან“ საქართველოს ურთიერთობის არსებული ფორმატია, რომლის შეცვლას რუსული მხარე საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით ითხოვს.

ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის ტრანზიტის ფასად გაზის მაგივრად თანხის მიღებას არ ავალდებულებს.

რაც შეეხება ენერგეტიკული გაერთიანების ძირითად მოთხოვნას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველომ ზოგადად, სექტორში ევროპული პრინციპების და ღირებულებების დანერგვა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის აღიარება და გათვალისწინება უნდა უზრუნველყოს. სწორედ ამ ნაწილში ქართული მხარე ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამდე გამონაკლისების დაწესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ვფიქრობ, ეს პროცესი საკმაოდ მალე დასრულდება, რადგან აბსოლუტური გაგება იყო ევროპული მხარის მხრიდან, რომ ჩვენ გვჭირდება გარკვეული დათქმები, გამონაკლისები, ვადები და ა.შ, რომელიც საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ რეალურ გეგმად ჩამოყალიბდება და შემდეგ ამ გეგმის იმპლემენტაციას დავიწყებთ", - აცხადებს ვალიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების პროცესზე მოლაპარაკებების დასრულება 2016 წლის სექტემბრამდე უნდა მოხდეს.