Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე პიკური მოხმარების დღეებში რუსეთიდან ბუნებრივი გაზის შეძენას არ გამორიცხავს

58f0660ac89db
BM.GE
14.04.17 10:00
1442
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განმარტებით, ბუნებრივი გაზის ბალანსი „გაზპრომ-ექსპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკორექტირდა. ამის შესახებ ვალიშვილმა „საქმის კურსს“ 2017 წლის 7 აპრილს დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის შესახებ საუბრისას განუცხადა.

აღნიშნული ბალანსის მიხედვით, რუსეთიდან საქართველომ 100 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი უკვე მიიღო, რაც „გაზპრომ-ექსპორტთან“ წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზის სატრანზიტო მომსახურების ნაწილობრივი ანაზღაურებაა. 2016 წლის 26 ნოემბერს დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით კი, წელს საქართველო 185 მილიონ მ3 გაზს ელოდებოდა, თუმცა იმ დროისთვის მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ იყო.

"გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ახალი კონტრაქტი 2017 წელს რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის მომსახურების საფასურს ნაწილობრივ ნატურით ითვალისწინებს, ნაწილობრივ - თანხით. ის, რაც ნატურით იყო გათვალისწინებული, ქვეყანამ წლის 1 კვარტალში უკვე დახარჯა. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, ახალ ბალანსში მხოლოდ ეს 100 მ3 გაზია მითითებული. დანარჩენი 85 მილიონი მ3-ის ნაცვლად კი საქართველო ფულად ანაზრაურებას მიიღებს. ეს თანხა კომერციული საიდუმლოებაა.
„დიახ, რასაკვირველია, სწორედ კონტრაქტიდან გამომდინარე დაკორექტირდა, მაგრამ ამასთანავე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ იმ სატრანზიტო მოცულობის გარდა, კომერციული იმპორტის განხორციელებას რუსეთიდან არ ვაპირებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ 85 მილიონის საჭიროება არ იქნება კომერციული სექტორის დაკმაყოფილებისთვის და როგორც იცით, კომერციულ სექტორს სოკარი უკვე წლებია, თავისთავად აწვდის“, - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შეძენა საჭირო იმიტომ არ იქნება, რომ გასულ წელს თბოელექტროსადგურების ხარჯზე ბუნებრივი გაზის ეკონომია მოხდა.

"2016 წელს თბოსადგურებისთვის მოხმარება შევამცირეთ. ახალმა თბოელექტროსადგურმა, იგივე ელექტროენერგიის გამომუშავების პირობებში, გარკვეული დანაზოგი მოგვცა, რომელიც შეგვიძლია, მოსახლეობისთვის მივმართოთ. რაც შეეხება ახალ კორექტირებულ ბალანსს, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში დაბალანსება და ადაპტირება გავაკეთეთ და ფაქტობრივი მონაცემების ასახვა მოხდა პირველი კვარტლისთვის. რაც შეეხება პროგნოზირებულ ბალანსს წლის ბოლომდე, არ ვგეგმავთ კომერციული იმპორტის განხორციელებას რუსეთიდან. შესაბამისად, სოციალური მიზნებისთვის ის სატრანზიტო მოცულობა, რომელიც ფაქტობრივად ათვისებულია და ის მოცულობები, რომლის მოწოდება მოხდება აზერბაიჯანიდან, აბსოლუტურად აკმაყოფილებს მთელი ქვეყნის მოთხოვნას“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მარიამ ვალიშვილი არ გამორიცხავს, რომ წლის განმავლობაში ქვეყანას ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების შეძენა რუსეთიდან მაინც დასჭირდეს.

"ბუნებრივია, შეიძლება იყოს გარკვეული პერიოდები და დღეები პიკური მოხმარების, რომლის საჭიროებაც შეიძლება დამატებითი დაბალანსების საგანი გახდეს. ამისთვის კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ არის გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ამ შემთხვევებში საჭიროებიდან გამომდინარე, ე.წ საბალანსო გაზის მოწოდებას უზრუნველყოფს და ამის პირობებიც არის გაწერილი დეტალურად“, - აღნიშნავს ვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე 12 აპრილს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეისყიდის. ენერგეტიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი ბალანსის მიხედვით, საქართველო აზერბაიჯანიდან წელს 2.347 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებას ელის.