Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ელექტროენერგეტიკის სექტორში ინვესტორებისთვის ახალი სატარიფო პოლიტიკა მუშავდება

5719f59209435
დავით ჯალაღონია
22.04.16 13:55
1355
ენერგეტიკის სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ელექტროენერგიის გენერაციის სექტორში ინვესტორებს ახალ სატარიფო პოლიტიკას შესთავაზებს. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით სიახლეების საჭიროება საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარების მასშტაბებმა განაპირობა.
 
"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის პროექტები, რომლებიც ახლა განვითარების ეტაპზეა და ყველა ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს მათ მიმართ გააჩნია, შესრულდება, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი და შევიმუშავოთ უფრო დახვეწილი და საინტერესო სატარიფო პოლიტიკა. საუბარია გარანტირებულ შესყიდვებზე - ისეთზე, რომელიც ერთის მხრივ, აუცილებლად განავითარებს ახალ სადგურებს და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს რისკებს, რომელიც ასოცირდება ასეთი ტიპის გარანტიებთან, შეამცირებს", - განაცხადა ელოშვილმა და დასძინა, რომ მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება საჯარო, რაც ელექტროენერგიის გენერაციის სექტორში ახალი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ახალი სატარიფო პოლიტიკაა ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ენერგეტიკის სამინისტროსა და ხუდონჰესის ინვესტორ კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.