Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის კუთხით საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

592bfc91b68ab
ელენე გოგბერაშვილი
29.05.17 14:46
1730
ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის კუთხით საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმდებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარს უჭერს. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ძნელაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება.

"უქმდება ორი ისეთი დელიქტი, რომელიც თავისი არსით არის საგადასახადო სამართალდარღვევა. კერძოდ, ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის პასუხისმგებლობა და ასევე სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე რეალიზაციისთვის პასუხისმგებლობა. აგრეთვე იზრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი გადასახადის თავის არიდებისთვის. 218-ე მუხლში შედის ცვლილებები და დღეს არსებული ზღვარის 50 ათასი ლარის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება 100 ათასი ლარის თავის არიდებიდან. ეს არის კარგი ცვლილება. თუ გავითვალსიწნებთ იმას, რომ 1-ლი იანვრიდან საგადასახადო შემოწმების და გადასახადების დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა შემცირდა და განისაზღვრა 3 წლით, ამ ფონზე ამ ზღვრის გაორმაგებას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი ბიზნესისთვის", - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი არ ეთანხმება ინიციატივებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზღვარის 500 ათას ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს არსებული ზღვარის გაორმაგება არის ძალიან გონივრულ ფარგლებში შემოთავაზებული. თუ ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზრდება, ეს პრაქტიკულად გამოიწვევს აღნიშნულიდ დელიქტის დეკრიმინალიზაციას. პრაქტიკულად აღარ დაისჯება პირი, ვინც გადასახადებს თავს აარიდებს. ეს კი არათანაბარ პირობებში ჩააყენებს არაკეთილსინდისიერ და კეთილსინდისიერ გადამხდელებს და ასევე ეს ხელს შეუშლის კონკურენციას ბაზარზე", - განმარტავს "საქმის კურსთან" ძნელაშვილი.