Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დირექტორთა პერსონალური პასუხისმგებლობის სამართლებრივი წინაპირობები

5a6c4173e75d0
BM.GE
27.01.18 13:04
1547
შესავალი

კომპანიაში, სადაც დაკომპლექტებულია სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორი პასუხისმგებელია უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე და ამავდროულად, პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრების წინაშე. სათანადო წინაპირობების არსებობისას, დირექტორის პერსონალური პასუხისმგებლობა უშუალოდ კომპანიის წინაშე შეიძლება დადგეს, რა დროსაც, დავის არსებობისას, კომპანიას მეწტილად პარტნიორები წარმოადგენენ.

რაც შეეხება კომპანიის კრედიტორთა წინაშე დირექტორთა ანგარიშვალდებულებას, წინამდებარე სტატია არ განიხილავს მსგავს შემთხვევას. კლასიკური გაგებით, კომპანიის კრედიტორთა წინაშე თავად საზოგადოება არის პასუხისმგებელი, სადაც რიგ შემთხვევაში შესაძლოა უშუალოდ კომპანიის პარტნიორის პერსონალური პასუხისმგებლობაც დადგეს იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ (შპს-ს ან/და სს-ს) პარტნიორმა ბოროტად გამოიყენა კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმა.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს შემთხვევას, რა დროსაც სასამართლოში დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა შეუძლია თავად კომპანიას ან მის ერთ-ერთ პარტნიორს, თუ არსებობს იმის ეჭვი, რომ დირექტორმა ფიდუციური ვალდებულების რომელიმე წინაპირობა დაარღვია.

სტატია მიმოიხილავს კომპანიასა და დირექტორატის წევრთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივ წინაპირობებს, აღნიშნული მიმართულებით კორპორაციული მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით დამკვიდრებულ რეკომენდაციას, ფიდუციურ ვალდებულებებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დირექტორის პერსონალური პასუხისმგებლობის მარეგულირებელ დებულებებს.

1. კომპანიასა და დირექტორს შორის არსებული ურთიერთობის ფორმები საქართველოს კანონმდებლობით და კორპორაციული მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით

დირექტორის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გარკვეული წინაპირობები უნდა გააჩნდეს, რასაც დაემყარებოდა მომჩივანი კომპანიის არგუმენტები და რაც ფართო შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოსატანად.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირობას, რომლის მიხედვითაც დირექტორსა და კომპანიას შორის არსებული ურთეირთობა რეგულირდება ხსენებული კანონის, საწარმოს წესდების და დირექტორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

დირექტორისთვის ფიდუციური ვალდებულების დარღვევის მტკიცებისთვის კანონმდებლობა არ არეგულირებს იმ ყველა შესაძლო შემთხვევას, რომელიც პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა გახდებოდა. მსგავსი ვითარება გამართლებულია იმდენად, რამდენადაც ერთის მხრივ შეუძლებელია კანონმა ყველა შესაძლო შემთხვევა მოიცვას და მეორეს მხრივ, თავად კანონმდებლობა ტოვეს იმის შესაძლებლობას, რომ პარტნიორებმა წესდების ან/და უფრო კონკრეტულად კი ხელშეკრულებით მოაწესრიგონ დირექტორებთან არსებული ურთიერთობები.

პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხი მწვავდება როდესაც: 1. კომპანიის წესდებაში ან საერთოდ არ არის ნახსენები დირექტორის ფუნქციები, ან ნახსენებია კანონიდან ციტირებული დებულებების სახით, რაც არსებითად ვერ სცემს კითხვაზე პასუხს - თუ კონკრეტულად რაში ვლინდება დირექტორის ფუნქციები; 2. არ არსებობს დირექტორსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

კორპორაციული მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა კომპანიებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ აუცილებელი წესით დადონ დირექტორთან ხელშეკრულება, სადაც სხვა მრავალ საკითხთან ერთად, მკაფიოდ გათვალისწინებული იქნება დირექტორის უფლება-მოვალეობები, მისი დეტალური ფუნქციები და პასუხისმგებლობის ფარგლები. გარდა ამისა, საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის ან/და აქციონერთა კრებას შორის არსებული ურთიეთობის დეტალურ აღწერილობას.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული ორი საქმიდან, რომელიც დირექტორთა პერსონალურ პასუხისმგებლობას შეეხებოდა, ჩამოყალიბდა არაერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, ორივე საქმის ფაბულა მოიცავდა საწარმოთა საგადასახადო დავალიანებას, რა დროსაც მსჯელობის საგანი გახდა ამ საწარმოს დირექტორთა პერსონალური პასუხისმგებლობის შესახებ საკითხი. ერთ-ერთ საქმეზე დირექტორს დაეკისრა პერსონალური პასუხისმგებლობა „სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ“, ხოლო მსგავსი ფაბულის მომცველ სხვა საქმეში, სადაც კომპანიას ასევე გააჩნდა საგადასახადო ვალდებულებები, დირექტორს მსგავსი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. ორივე შემთხვევაში სასამართლო დაეყრდნო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, საქმის გარემოებებს და არსებულ მტკიცებულებებს.

აღსანიშნავია, რომ ქართული სასამართლო პრაქტიკა დირექტორთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხთა გადაწყვეტის თვალსაზრისით არ არის მდიდარი და შესაბამისად, რაოდენობრივად მწირი გადაწყვეტილებების ფონზე სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკა უფრო მეტი რისკის ქვეშ აყენებს როგორც კომპანიის პარტნიორებს, ასევე დირექტორებს. ხაზგასასმელია, რომ განსახილველი არაერთგვაროვანება არ მიუთითებს სასამართლოს გადაწყვეტილებათა დაბალ ხარისხზე, რადგანაც თითოეული საქმე ინდივიდუალურია.

2. დირექტორის პასუხისმგებლობის საკანონმდებლო რეგულირება

„მეწარმეთა შესახებ“ და აგრეთვე, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონები განსაზღვრავენ ზოგად და კერძო შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია, რომ დადგეს დირექტორის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ საკითხი უშუალოდ კომპანიის წინაშე. კანონმდებლობა ადგენს პასუხისმგებლობის ზოგად საფუძვლებს, აგრეთვე პასუხისმგებლობის კერძო საფუძვლებს; თავის მხრივ, აღნიშნული საფუძვლები დიფერენცირებულია არაანგარიშვალდებული და ანგარიშვალდებული საწარმოების მიხედვით.

2.1 პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები:

ზემოაღნიშნული ორივე კანონით გათვალისწინებულია დირექტორის კეთილსინდისიერების და ზრუნვის ზოგადი მოვალეობები: „დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ“.

2.2 პასუხისმგებლობის კერძო საფუძვლები არაანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში:

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი რამდენიმე დებულებით ახდენს იმის დეტალიზაციას, თუ რა ზოგადი აკრძალვების წინაშე დგას დირექტორი. ძირითადად ეს დებულებებია:

• ინტერესთა კონფლიქტი. „დირექტორებს არა აქვთ უფლება, პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება, ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“.

• ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის ვალდებულება. „დირექტორებს პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო“.

• გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების ვალდებულება. „თუ საწარმო გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, დირექტორებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს 3 კვირისა უნდა განაცხადონ ამის თაობაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“.

• პარტნიორთა ინფორმირება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. „მეწარმე სუბიექტის მმართველობის ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ერთობლივად არიან პასუხისმგებელი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენისათვის“.
• წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. „სააქციო საზოგადოებას სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში წარმოადგენენ დირექტორები. დირექტორები არ შეიძლება იყვნენ სასამართლოში წარმომადგენლები იმ შემთხვევაში, თუ მათ წინააღმდეგ სარჩელი შეტანილია ამ საზოგადოების მიერ“.

• კომპანიის წლიური ანგარიშის და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება. „დირექტორები ადგენენ წლიურ ანგარიშს და ანგარიშს სამეურნეო მდგომარეობის შესახებ, ასევე წმინდა მოგების განაწილების წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარსადგენად“.

2.3 პასუხისმგებლობის კერძო საფუძვლები ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში:

• დირექტორის ანგარიშვალდებულება მარეგულირებელი ორგანოს მიმართ. „ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშს ამ საწარმოს იმ ფასიანი ქაღალდების პროცენტული ოდენობის შესახებ, რომელთა რეგისტრირებული მესაკუთრეც ან/და ბენეფიციარი მესაკუთრეც ის არის“.

• ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის განცხადება. „ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ვალდებულია დასადებ გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ შეტყობისთანავე წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო თუ გარიგებას საერთო კრება ამტკიცებს – მასაც განუცხადოს”.

აღნიშნულთან ერთად, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალკე განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან მისი დირექტორის მიმართ გამოიყენოს შესაბამისი სანქცია კანონით განსაზღვრული ცალკეული მოთხოვნების დარღვევისათვის.

დასკვნა

ქართული კანონმდებლობა „კომპანიის ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის“ ზოგადი ფუნქციების გარდა ახდენს დირექტორის პასუხისმებლობის გარკვეული არეალის დაკონკრეტებას, რაც მისასალებელია. ამის მიუხედავად, კანონმდებლობა დეტალურად ვერ გაწერს ყველა შესაძლო შემთხვევას. საკითხის შემდგომი ჩაშლა შესაძლებელია საწარმოს წესდების ან/და დირექტორთან დადებული ხეკშეკრულების მეშვეობით. საპირისპირო შემთხვევა კი არახელსაყრელია როგორც დირექტორებისთვის და კომპანიისთვის, ასევე დავის არსებობის შემთხვევაში - საქმის განმხილველი სასამართლოსთვისაც.

ყოველი მსგავსი ნეგატიური შედეგის პრევენციისთვის უმჯობესია, რომ კომპანიებმა კანონმდებლობასთან შედარებით უფრო ვიწროდ დაარეგულირონ დირექტორთა ფუნქციები და პასუხისმგებლობის საზღვრები. აღნიშნულის განსაზღვრა კონკრეტული ურთიერთობის სპეციფიკაზეა დამოკიდებული და მეტი მოქნილობისთვის ხელსაყრელია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით შემოთავაზებული სხვადასხვა დებულების დანერგვა.


ლევან კოკაია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი