Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ცეზარ ჩოჩელი: "ზედაზენის" დაყადაღება გამიზნულად მოხდა

56cd9839c1d79
ელენე გოგბერაშვილი
24.02.16 15:44
1167
"ზედაზენის" 80 მილიონიანი ქონება თითქმის ერთი წელია დაყადაღებულია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ცეზარ ჩოჩელი "ბიზნესკონტაქტთან" ამბობს, საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.
 
სასამართლომ "ზედაზენის" ქონება მოქალაქე ლევან მაყაშვილის სარჩელის საფუძველზე დააყადაღა. ჩოჩელის ინფორმაციით, მაყაშვილი ამბობს, რომ მიწა, სადაც "ზედაზენი" მდებარეობს, მას ეკუთვნის.

"ეს დავა დაახლოებით ერთი წლის წინ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყო. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება კომპანიის ქონება დაყადაღებულიყო, მაგრამ დაყადაღდა. ერთი წელია განხილვა არ დაწყებულა და როდემდე გაგრძელდება არ ვიცი. ამ პირობებში გართულებულია როგორც ინვესტიციის მოძიება, ისე კომპანიის განვითარება და გაფართოვება", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

როგორც ჩოჩელი განმარტავს, ლევან მაყაშვილმა 2006 წელს "ცეკავშირიდან" შეიძინა "საგურამოს ექსპერიმეტული მეურნეობა", რაც სახელმწიფომ მაშინ არ დაურეგისტრირა.

"მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაურეგისტრირა მას მთავრობამ ქონება, გარკვეული მიწის ფართობის გარეშე, რაშიც 240 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა, რაც დღემდე გადახდილი არ არის. ჩვენ 2011 წელს შევიძინეთ ეს მიწა სახელმწიფოსგან. მე ვფიქრობ, გამიზნულად მოხდა ეს ყველაფერი, რადგან ხელისუფლების შეცვლას ელოდებოდნენ. ამის საფუძველზე მოხდა ქონების დაყადაღება, რომელმაც გამოიწვია როგორც დასაქმებულების შემცირება, ისე ინვესტიციების შეფერხება. ერთი წელია არ მიდის პროცესი", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.