Home
Category
TV Live Menu
Loading data...

British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსიტიტუციო სასამართლოში იჩივლა

58ee3c6e7e718
სალომე მეცხვარიშვილი
12.04.17 19:00
1456
British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსიტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კომპანია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში თამბაქოს რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იკრძალება.

საერთაშორისო კომპანია სარჩელში მიუთითებს, რომ ეს ნორმა კრძალავს თამბაქოს ნაწარმზე მწარმოებლის მიერ თავისუფალ ფასწარმოქმნას, მისი საკუთარი შეხედულებებით რეალიზაციას თამბაქოს სფეროში მოღვაწე სხვა ეკონომიკურ აგენტებზე.

„მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფოს მიერ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციისათვის ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფომ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ქმედებებით ხელი შეუწყოს ბაზარზე საწარმოს დაშვებას. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს საწარმოს შეუფერხებლად, ყოველგვარი ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე, განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება მეწარმის საქმიანობა იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც შეაფერხებს მეწარმის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს”,- ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ოქმში.

შედეგად, სასამართლომ არსებითად წარმოებაში მიიღო British American Tobacco-ს სარჩელი.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ქართულმა სიგარეტის მწარმოებელმა კომპანია "ოჯითიმ" საერთაშრისო კომპანიას სწორედ "თამბაქოს შესახებ კანონის" მე-5 მუხლის დარღვევისთვის ჩივლა სასამართლოში. შედეგად, British American Tobacco-ს დაეკისრა 100 537 172 ლარის ჯარიმა.

"კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვების შემოღება, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 დეკემბრის №2301-რს დადგენილებით) მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხსენებული კონვენცია ითვალისწინებს, ზოგადად, მოსახლეობაში თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდების შეზღუდვას და არა მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არღვევს როგორც კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ასევე სცილდება კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს",- აღნიშნულია დოკუმენტში.