Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბოტანიკური ბაღის დირექტორი: 2008 წლის შემდეგ, ბაღის საზღვარი დაახლოებით 7-ჯერ დაკორექტირდა

572da364124d3
BM.GE
07.05.16 12:07
1232
ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ "საქმიან დილასთან" ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე საუბრობს.
 
- ბოტანიკური ბაღი რამდენი ჰექტარია?

- დღევანდელი აზომვითი ნახაზით და საკადასტრო მონაცემებით, ბოტანიკური ბაღი 97 ჰექტარია. ეს საზღვრები უკანასკნელი რამდენიმე წელია არ შეცვლილა. ბოტანიკური ბაღის საზღვრის კორექტირება ახალი თემა არ არის და ეს რამდენჯერმე გავიმეორე. ბაღის საზღვრები წლების განმავლობაში იცვლებოდა. 2008 წლის შემდეგ ბოტანიკური ბაღის საზღვარი დაახლოებით 7-ჯერ დაკორექტირდა. ახლა მოხდა მეშვიდედ დაკორექტირება. არც ერთ ცვლილებას ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, მითუმეტეს, რომ ეს ცვლილებები კულტურული მემკვიდრეობის სავარაუდო ტერიტორიებს შეეხო.

- 97 ჰექტარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია?

- 97 ჰექტარი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამაზე ნათლად მეტყველებს 2007 წლის კულტურის მინისტრის ბრძანება თანდართული პირობითი აზომვითი ნახაზით, სადაც ძეგლად 81 ჰექტარი ტერიტორიაა ფიქსირებული.

- რა გაცვალეთ და რა მიიღო ბოტანიკურმა ბაღმა?
- გაცვლა სხვა სამართლებრივ პროცედურებთან არის დაკავშირებული. მე ვიტყოდი, რომ საზღვრების კორექტირება მოხდა, როგორც წინა შემთხვევებში. საზღვრების კორექტირება, მითუმეტეს იმ კონტექსტში, როდესაც აზომვითი ნახაზები საწყის პერიოდში სრულყოფილად არ იყო შედგენილი. ასეთი სახის დაზუსტებები ჩვეულებრივი მომენტია, მითუმეტეს დაუსახლებელ პუნქტებში.

- თუმცა, მაინც რა სარგებელს იღებს ბოტანიკური ბაღი?

- შემოთავაზებიდან ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ვსწავლობდით იმ ტერიტორიასაც, რომელიც საზღვრების კორექტირების შემდგომ კერძო საკუთრებაში აღმოჩნდებოდა და იმ ტერიტორიას, რომელიც ჩვენს საზღვრებში აღმოჩნდებოდა. ორივე მათგანის პოტენციალი იქნა შესწავლილი, ტერიტორია პრაქტიკულად სამეურნეო-სამეცნიერო თვალსაზრისით ბოტანიკური ბაღისათვის გამოუყენებელი იყო. ჩვენ ფიზიკური წვდომა არ გვქონდა იმიტომ, რომ რთულ რელიეფურ პირობებში მდებარეობს. ეს არის ერთი გარემოება და მეორე გარემოება ის არის, რომ ეს ვაკე ტერიტორიაა, რომელიც დღეს უკვე ჩვენს საზღვრებშია, თაბორის მთის ვაკე ტერიტორია, რომლის დეფიციტსაც ბოტანიკური ბაღი დღეისთვის განიცდის და მრავალმხრივი პოტენციალი გააჩნია, მათ შორის პირველი ეს არის კრწანისი-შინდისის ახალ გზასთან გასასვლელი შესაძლებლობა, რომელიც ბაღს საშუალებას მისცემს ახალი ტურისტული ნაკადები მიიღოს. ეს ტერიტორია უშუალოდ ემიჯნება ბაღის ცენტრალურ ნაწილს და ტურისტული მარშუტების დაგეგმვა და მოწყობა შეიძლება.

- მყიდველისთვის სარგებელს რაც შეეხება, რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო თქვენთვის მათი განმარტება, რისთვის უნდოდათ მათ ეს ტერიტორია?

- ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრე არ ვართ, ჩვენ მოსარგებლეები ვართ და ბუნებრივია, მსგავს მოლაპარაკებებს ისინი მუნიციპალიტეტთან აწარმოებენ. ბოტანიკური ბაღის წინაშე მარტივი ამოცანა იდგა, რომ პრაგმატულად გადაგვეწყვიტა ამ აღნიშნული კორექტირების შედეგად, ბაღისთვის მეტი შედეგის მომტანი რა იყო.

- რა ფორმით მოგმართეს თქვენ?

- საკითხი შემდეგნაირად დაისვა - რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა აღნიშნული საზღვრების კორექტირებას და ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით როგორი იყო. წარმოდგენილი ვარიანტები პირველ ეტაპზე მისაღები არ იყო, იმიტომ რომ იქ გარკვეული კონფიგურაცია საზღვრის კორექტირების დროს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო, ამიტომ ჩვენ მუნიციპალიტეტს ჩვენი ვარიანტი წარვუდგინეთ, რაზედაც დათანხმდა და საბოლოოდ იმ სახით მივიღეთ რა სახითაც არის.

შეგახსენებთ, რომ ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებს, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გააპროტესტებს.