Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბოლო ერთ თვეში ლარი 3,1%-ით, ერთ წელში კი 25,5%-ით გაუფასურდა

56b19f9132f23
BM.GE
03.02.16 10:32
4859
2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით, ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.47 ლარია.

2016 წლის იანვრის თვის განმავლობაში, ლარი დოლარის მიმართ 0.08 ერთეულით (3.1%-ით) გაუფასურდა, ხოლო 2014 წლის იანვართან შედარებით - 0.5 ერთეულით (25.5%-ით).

2014-15 წლებში, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას დოლარის მიმართ ზრდადი ტენდენცია აქვს.

2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, შემცირებულია როგორც საქონლის ექსპორტი (-23.0%; -657.0 მლნ. აშშ დოლარი), ასევე საქონლის იმპორტი (-10.1%; -869.0 მლნ. აშშ დოლარი). ეს ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება. ამასთან, იმპორტის ექსპორტთან შედარებით უფრო მეტად შემცირებამ გამოიწვია სავაჭრო ბალანსის 211.9 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესება.

აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს C ჰეპატიტის წამლებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანას საჩუქრად გადაეცა და ფული არ გადაუხდია, ე.ი ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება არ მოჰყოლია. თუ მათ (447 მლნ. აშშ. დოლარი) არ გავითვალისწინებთ, მაშინ აღნიშნულ პერიოდში, იმპორტის მოცულობა 1316 მლნ. აშშ დოლარია, რაც 15.3%-ით ჩამოუვარდება 2014 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, სავაჭრო ბალანსი 659.0 მლნ. ლარით არის გაუმჯობესებული.

2015 წელს, უცხოეთიდან ჩარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 1080.0 მლნ. აშშ დოლარია, რაც 25%-ით ჩამოუვარდება 2014 წლის მაჩვენებელს. ფულადი გზავნილების 40.1% რუსეთიდან, 10.9% საბერძნეთიდან, 10.1% იტალიიდან, 9.3% აშშ-დან, 6.4% თურქეთიდან, ხოლო 23.2% სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან შემოვიდა.
ფულადი გზავნილები შემცირებულია ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან (-39.0%; -276.6 მლნ. აშშ დოლარი), საბერძნეთიდან (-42.5%; -87.0 მლნ. აშშ დოლარი), იტალიიდან (-10.2%; -12.4 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინიდან (-32.3%; -10.0 მლნ.აშშ დოლარი).

უცხოეთში ფულადი გზავნილების გადარიცხვა საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. 2015 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი 170.8 მლნ.აშშ დოლარია, რაც 4.1%-ით ჩამოუვარდება 2014 წლის მაჩვენებელს. გაზრდილია საქართველოდან ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთის ფედერაციაში (6.7%), თურქეთში (21.2%), მოლდოვაში (66.3%), ჩეხეთის რესპუბლიკასა (65.8%) და ყაზახეთში (12.9%).

ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტების (ტურისტების) რაოდენობა ქვეყანაში. 2015 წელს საქართველოს 5 897 685 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 6.9%-ით (382.1 ათასი კაცით) აღემატება 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სერვისების ექსპორტის მოცულობა 2.406.9 მლნ. აშშ დოლარია, რაც 3.4% -ით (79.6 მლნ. აშშ დოლარი) აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს.

2015 წლის პირველ სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 17.3%-ით არის შემცირებული 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. კლება ფიქსირდება პირველ და მესამე კვარტლებში (-43.4%; -32.6%), ხოლო მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი (80.8%).

ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების კიდევ ერთი წყაროა საგარეო ვალი, ხოლო გადინების - ვალის მომსახურებისა და დაფარვისთვის გაწეული ხარჯები.

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფოს აქვს 4314.9 მლნ. აშშ დოლარის საგარეო ვალდებულება. მათ შორის, 2015 წელს აიღო 115.1 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ვალდებულება. აღნიშნულ პერიოდში, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გაწეულმა ხარჯებმა 245.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის, ვალების მომსახურებისათვის (პროცენტების გადახდა) გაწეულმა ხარჯებმა 77.1 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო ვალის ძირითადი ნაწილის დაფარვისათვის გაწეულმა ხარჯებმა 168.3 მლნ. აშშ დოლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირებას მოჰყვა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება დოლარის მიმართ, რამაც თავის მხრივ, დროითი ლაგით (მოგვიანებით), შეამცირა იმპორტის მოცულობაც და ვალუტის შემოდინების დანაკლისის დაბალანსება ხდება გადინების შემცირებით, შედეგად, ძველი საგარეო შოკების გავლენით კურსის შემდგომი გაუფასურება არ არის მოსალოდნელი.
PMCG