Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიზნესომბუდსმენის აპარატი "საპოლიციო გამოსახლების წესის" ალტერნატიული მექანიზმის შემოღებაზე მუშაობს

58f7700239959
თელარა გელანტია
19.04.17 18:30
1584
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საკუთრების უფლების დაცვის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ "საქმის კურსს" ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ „საკუთრების დაცვის ინსტიტუტი პრაქტიკულად, არ არსებობს, რადგან რაც არის, არაეფექტურია".

"ბიზნესომბუდსმენის აპარატი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად პრინციპულად ითხოვდა, რომ კანონმდებლობაში დარჩენილიყო საკუთრების უფლების დაცვის ადმინისტრაციული წესი, მაგრამ სამწუხაროდ, წინა მოწვევის პარლამენტის დროს ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმდა. ამჟამად კი, ვმუშაობთ ალტერნატიული ინსტიტუტის შემოღებაზე. ესეთი პრეცენდენტი საქართველოს კანონმდებლობაში ჯერ არ არსებობს. ესაა ბიზნეოსმბუდსმენის აპარატის იდეა და ვნახოთ, რა გამოვა. ეს არ იქნება საკუთრების უფლების დაცვის მთლიანად ადმინისტრაციული წესი, ეს იქნება სასამართლო წესი, ოღონდ იქნება უფრო ეფექტური, უფრო შემჭიდროვებულ ვადებში და უფრო გამარტივებული პროცედურებით", - განმარტა ძნელაშვილმა.

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი იმასაც აღნიშნავს, რომ როცა საქმე საკუთრების უფლების დაცვას ეხება, დღეს მოქმედი სასარჩელო წარმოება, ძალიან არაეფექტურია.

"სასამართლო პროცესები პირველ ინსტანციაში მინიმუმ 1 წელი მაინც გრძელდება და თან, როგორც ვიცით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ შედის კანონის ძალაში და ის სამი ინსტანციით საჩივრდება, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად, საკუთრების დაცვის ინსტიტუტი, არ არსებობს და რაც არის იმის ყოფნას აზრი საერთოდ არ აქვს, იმდენად არაეფექტურია", - აღნიშნა ზურაბ ძნელაშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მთავრობას საკუთარ წინადადებებს უახლოეს 2-3 კვირაში წარუდგენს და იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ის მოიწონა, ინიციატივა პარლამენტში გადაინაცვლებს.

ამასთან, "საქმის კურსთან" ინტერვიუში ზურაბ ძნელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონის არსებით განხილვაზე უარის თქმას იმით ხსნის, რომ სარჩელი არასწორად იყო მომზადებული.

"საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებით განხილვაზე უარი თქვა არა იმიტომ, რომ ეს არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, არამედ იმის გამო, რომ პროცედურულად სარჩელი არასწორად იყო შეტანილი. ვგულისხმობ იმას, რომ გასაჩივრებული იყო ცვლილებები და ცვლილებები კი არ უნდა გასაჩივრდეს, არამედ კანონის მოქმედი ვერსია ანუ ის, რაც ძალაშია. ვფიქრობ, თუ სარჩელი სწორად შედგება, მას ექნება პერსეპქტივა", - აცხადებს ძნელაშვილი.

ცნობისთვის: ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წლის დეკემბერში მერვე მოწვევის „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გააუქმა. მოგვიანებით, „საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ“ და „ბანკების ასოციაციამ" აღნიშნული წესის შეცვლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონის არსებით განხილვაზე უარი თქვა.