Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიტკოინის და ბლოკჩეინის მომავალი საქართველოში - ინტერვიუ Bitfury-ს დამფუძნებელთან

567c03077833d
ანა ცხოვრებოვა
24.12.15 18:33
2431
ბიტკოინი, ბლოკჩეინი და საქართველო - ინტერვიუ Bitfury-ს დამფუძნებელთან.

- თქვენზე ცოტა რამ ვიცით. ვინ არის ვალერი ვავილოვი და რატომ დაინტერესდა ბიტკოინ ბლოკჩეინის ტექნოლოგიით?

- პირველად ბიტკოინის და ბლოკჩეინის შესახებ 2010 წელს გავიგე. ამ ტექნოლოგიის ფორმირების საწყისი ეტაპი იყო. მივხვდი, რომ ეს იყო მომავლის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი ხედვა აქტივებისა და მატერიალური ფასეულობების მოძრაობასთან დაკავშირებით. დავიწყეთ ამ ტექნოლოგიის შესწავლა ნელ-ნელა მოვედით იქამდე, სადაც ახლა ვართ.

- რამდენად სარისკო იყო ასეთ უხლეს ტექნოლოგიაში ინვესტირება?

- თავიდან ინვესტიციები უმნიშვნელო იყო. უბრალოდ გვაინტერესებდა გაგვეგო როგორ მუშაობდა ეს სისტემა. სინამდვილეში, რა არის ბიტკოინი და ბლოკჩეინი? ბლოკჩეინი ეს არის მონაცემების უზარმაზარი რეესტრი, რომელიც ვრცელდება ათასობით კომპიუტერზე მთელს მსოფლიოში. ამასთან კომპიტერის მფლობელმა, რომელზევ განთავსებულია ინფორმაციის ნაწილი არ იცის რა ტიპის ინფორმაციაა ეს. და რა არის ბიტკოინი? ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ ეს არის ვალუტა, თუმცა ბიტკოინი - ეს არის 100 მილიონი ტოკენი. ტოკენი ერთგვარი ცარიელი სერთიფიკატია, რომელზეც ციფრულად ნებისმიერი ტიპის მატერიალური ფასეულობის, აქტივის დატანა და შემდგომ ბლოკჩეინზე განთავსება შეიძლება. როგორც კი ის ხვდება ბლოკჩეინზე, მისი შეცვლა აღარავის შეუძლია, თვით განმათავსებელსაც კი. ამ ინფორმაციაზე წვდომა აქვს მხოლოდ მის განმათავსებელს სპეციალური კოდით. ამგვარად ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შეინახოთ ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ძალიან უსაფრთხოდ. ბლოკჩეინი დაცულია 600 პეტაჰაში კომპიუტერული სიმძლავრით. წარმოიდგინეთ, 600 პეტაჰაში კომპიუტერული სიმძლავრე, რომელიც უზრუნველყოფს ბიტკოინ ბლოკჩეინის უსაფრთხოებას, 3000-ჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიოს ტოპ 500 სუპერმძლავრი კომპიუტერის სიმძლავრე. ასეთი დაცულობის წყალობით ბლოკჩინის გატეხვა მისი არსებობის დღიდან ვერცერთმა ჰაკერმა ვერ შეძლო.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ბიზნესი დღეს წარმატებულია?

- საკმაოდ საინტერესო შედეგებს მივაღწიეთ. კომპანიას, რომელმაც არსებობა გარაჟში დაიწყო დღეს 150 ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული მსოფლიოს 16 ქვეყნიდან და გვაქვს ოფისები სან ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ამსტერდამში, ჰონგ კონგში, ლოდონში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ დასაქმებულთა 1/3 ამ საქართველოში არიან. საქართველოს გარდა დატაცენტრი გვაქვს ისლანდიაში.

- რატომ დაინტერესდით საქართველოთი?

- სანამ ჩამოვიდოდი, ბევრჯერ მსმენია, თუ რა კარგია საქართველო, როგორ შეიცვალა ის, რა კარგი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატია, რომ არ არის ქვეყანაში კორუფცია. ზოგადად, ყველაზე დიდი ხარჯი რაც ჩვენს ბიზნესს აქვს, ეს ელექტრო ენერგიის საფასურია, რაც საქართველოში ძალიან კონკურენტუნარიანია, თუნდაც ისლანდიასთან, ან ფინეთთან შედარებით. ამიტომ დავინტერესდით, ავაშენეთ პირველი 20 მეგავატი სიმძლავრის დატაცენტრი გორში და ახლა გავფართოვდით, გლდანის დატაცენტრს 40 მეგავატის სიმძლავრე აქვს.

- გორის გამოცდილებამ თქვენი გათვლები ელექტრო ენერგიის სიიაფესთან დაკავშირებით გაამართლა?

- დიახ, ეს დადასტურდა, ელექტრო ენერგიაზე ხარჯი ნაკლებია და ყველაფერი ბევრად ადვილად გვარდება, რადგან საქართველოში ბიზნესის კეთების მექანიზმი ძალიან ეფექტურია. მაგალითად, გორის დატაცენტრის ასაშენებლად ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო დაგვჭიდა, მაშინ როცა სანამ საბოლოოდ გადავწყვეტდით აქ აშენებას, ძლაიან ბევრი სხვა ქვეყანა განვიხილეთ და არც ერთის ბიზნესგარემო არ იძლეოდა ასე სწრაფად ყველა საკითხის გადაჭრის საშუალებას, სხვადასხვა პროცედურების, შეთანხმებების აუცილებლობის გამო. საქართველოში ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში შევძელით.

- კონკრეტული წინადადება მიიღეთ ქართული მხარისგან?

- ბევრი კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს წრეში, ნაცნობებთან. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და ერთხელაც, უბრალოდ მათ სანახავად და ხინკლის საჭმელად ჩამოსული, მივხვდი, რომ მართლა შეიძლებოდა ეს ქვეყანა განგვეხილა როგორც ბიზნესის კეთების ადგილი. ასე დაიწყო ყველაფერი.

- შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მაღალტექნოლოგიური ბიზნესი საქართველოში ხინკლიდან დაიწყო?

- დიახ, დაიწყო ხინკლიდან.

- დატაცენტრი გაქვთ ისლანდიაშიც. რა განსახვავებაა აქაურ და იქაურ ბიზნესებს შორის?

- ისლანდიის დატაცენტრი გორის დატაცენტრს სიდიდით ორჯერ ჩამოუვარდება და აქაური დატაცენტრის მომსახურების ღირებულება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ისლანდიაში. თუნდაც სამუშაო ძალის ანაზღაურება. თანაც, ხანდახან ვადარებ ხოლმე და შემიძლია ვთქვა რომ საქართველოში ერთი ადამიანი სამჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს ვიდრე სამი - ისლანდიაში.

- ანუ არ გაგიჭირდათ კარგი კადრების მოძიება საქართველოში?

- დიახ, ძალიან კარგი კადრები ვიპოვეთ. საქართველოში ასეთები ნამდვილად არიან.

- რამდენიმე ოფიციალური განცხადება უკვე მოვისმინეთ, რომ ქართულ ბაზარზე თქვენი გამოჩენა და განსაკუთრებით ახალშექმნილი თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პირველი მოიჯარეობა, სხვა მაღალტექნოლოგიურ კომპანიებსაც მოიზიდავს ქვეყანაში. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- დიახ ვფიქრობ ეს მოიზიდავს საქართველოში დამატებით ინვესტიციებს. საქართველო კარგი ქვეყანაა, აქ ძალიან კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოა და პერსონალი იაფი ღირს. ბიზნესის ეფექტიანობის თვალსაზრისით ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, სადაც ოპერაციები გვაქვს მე საქართველოს პირველ ადგილზე დავაყენებდი. ამჟამად ბევრი მაღალტექნოლოგიური კომპანია ეძებს ახალ ქვეყნებს, განსხვავებულ ადგილებს. დღეს შესაძლებლია ყველაფრის დისტანციურ რეჟიმში მართვა ინტერნეტის გამოყენებით. რაც შეეხება გლდანში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ვგეგმავთ მის გაფართოებას. რეალური ინტერესი სხვა კომპანიებისგან, რომლებსაც უნდათ თავისი ბიზნესის განთავსება ამ ზონაში, არის, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. ვფიქრობ, ამას დრო დასჭირდება, თუმცა არც ძალიან ბევრი. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებ სხვა კომპანიებსაც მალე ვიხილავთ გლდანში.

- თქვენ აპირებდით აგეშენებინათ დატაცენტრი ფინეთში და დაიწყეთ კიდეც, თუმცა მერე გეგმები შეცვალეთ. რატომ?

- ამ დატაცენტრის მშენებლობა იმიტომ შევწყვიტეთ, რომ როცა დავთვალეთ თუნდაც დანახარჯები ელექტროენერგიაზე, ფინეთი უბრალოდ ვერც შეედრებოდა საქართველოს. ამიტომ ჩვენი ინვესტიციები ქართულ ბაზარზე მივმართეთ.

- და თქვენ ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით არ სარგებლობთ საქართველოში?

- რა თქმა უნდა არა.

- ვიცი რომ გაქვთ გეგმები თქვენი კომპანია განთავსდეს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე...

- პოტენციალურად განვიხილავთ ამ საკითხს, რათა უფრო გამჭვირვალე კომპანია გავხდეთ. რადგან ბიტკოინ ბლოკჩეინ პროტოკოლი ანონიმური არ არის, როგორც ბევრი ამბობს. ის სრულიად გამჭვირვალეა, ჩანს ყველა ტრანზაქცია, უბრალოდ რაც არ ჩანს ეს არის ის რაც ტრანზაქციის შიგნითაა, ცარიელ სერთიფიკატზე დატანილი და ასევე არ ჩანს თუ ვის ეკუთვნის შიგთავსი.

- როგორ ხედავთ ბლოკჩეინის, თქვენი ბიზნესის მომავალს?

- მე და თქვენ რომ ახლა ვზივართ და ვცდილობთ გავიგოთ რა იქნება ბლოკჩეინის მომავალი, ეს დაახლოებით იმას გავს 1995-96 წელს ინტერნეტის ფორმირების პროცესისას რომ მსჯელობდნენ მის მომავალზე. ეს არამხოლოდ ერთი პროექტია, ან ტექნოლოგია, არამედ მთელი ევოლუცია და ინტერნეტის შემდგომი თაობა. ინტერნეტმა საშუალება მოგვცა ნებისმიერი ინფორმაცია გაგვეხადა ციფრული და გავეგზავნა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი ადამიანისთვის. ის, რის საშუალებასაც ინტერნეტი დღემდე არ იძლევა ეს არის მატერიალური აქტივების გაციფრულება: მანქანების, სახლების, კომპანიის აქციების. ბიტკოინ ბლოკჩეინ ტექნოლოგია ამის საშუალებას იძლევა, ანუ ამ ტექნოლოგიის მომავალი ის არის, რომ ჩაანაცვლებს ქაღალდს და გაზრის მატერიალური აქტივების მოძრაობის ეფექტიანობას.

- დიახ, თუმცა, რამდენადაც ჩვენ არაკონტროლირებად ტექნოლგიაზე ვსაუბრობთ, ხედავთ თუ არა გარკვეულ რისკებს?

- საკითხი ასე დგას, სად არ კონტროლდება ის. მაგალითად, აშშ ში ახლხანას შემუშევდა რეგულაცია, თუ როგორ გაკონტროლდეს ბიტკოინი და ის უკვე იწყებს მოქმედებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით არსებული მონაცემთა ბაზებისაგან და ცენტრალიზებული რეესტრებისაგან, ამ სისტემას არ გააჩნია სუსტი წერტილი, რომლის გაჩერება მთელი სისტემის პარალიზებას გამოიწვევს. არ არსებობს შეღწევის წერტილი ჰაკერებისთვის, ყველაფერი ბოლომდე დაცულია.

- თუკი აქამდე ეს ბიზნესი მომგებიანი შესაძლოა ყოფილიყო მისი რეგულაციისგან თავისუფლების გამო, ხომ არ აქცევს მას კონტროლის მექანიზმი ინვესტორებისთვის არამიმზიდველად?

- ნებისმიერ რეგულაციას შეუძლია აქციოს ბიზნესი არც ისე მიმზიდველად ინვესტორებისთვის. ამიტომ ჩვენ გვაყავს წარმომადგენლობა ვაშინგტონში და გვაქვს ურთიერთობა რეგულატორებთან.

- როგორია თქვენი მოსაზრება, როგორ უნდა რეგულირდებოდეს კრიპტოვალუტა?
- ნებისმიერი რეგულაციის ამოსავალი წერტილი ხომ მომხმარებელთა დაცვაა, თუმცა ამავდროულად ბიზნესი არ უნდა დაზარალდეს და მას უნდა დარჩეს განვითარების ეფქტიანი გზა. რეგულაცია იმგვარად უნდა იყოს შემუშავებული, რომ ბიზნესის ეფექტურობაც შენარჩუნდეს და ხალხიც დაიცვას. ეს ტექნოლოგია სინამდვილეში საშუალებას იძლევა თავად რეგულაციაც გამარტივდეს, რადგან დღევანდელ სამყაროში ორი უკიდურესობაა: უსაფრთხოება და დაცულობა. ადამიანებს, რომლებიც სრულ ჩაკეტილობას და ანონიმურობას არჩევენ, არ აქვთ უსაფრთხოება, რადგან სამართალდამცავი ორგანოები მათ ვერ დაიცავენ. ამავდროულად თუ სრულიად გახსნილი ხარ, არსებობს შანსი რომ გაურკვეველი ადამიანებისთვის გახდე ინტერესის ობიექტი. ბიტკოინ ბლოკჩეინ ტექნოლოგია ამ ორივეს თავის თავში აერთიანებს, ერთდროულად იღებ უსაფრთხოებასაც და დაცულობასაც.

- თქვენ თავად ფლობთ ბიტკოინებს?

- დიახ, მაქვს. თუმცა ბიტკოინებით არ ვვაჭრობ. ვყიდულობ და ვაგროვებ. ველოდები როდის დავიწყებთ მათი დანიშნულების მიხედვით გამოყენებას.

- და როდის მოვა ეს დრო?

- ვფიქრობ, უახლოეს რამდენიმე წელში ეს დრო დადგება.

- სხვებსაც ურჩევთ ბიტკოინების შენახვას?

- დიახ თუკი ვინმეს აქვს და მე ვფიქრობ რომ უკვე ბევრს აქვს, თუმცა მათ ჯერ კიდევ არ ესმით როგორ გამოიყენებენ ბიტკოინებს მომავალში. არ იციან, რომ ეს არა მხოლოდ ცარიელი სერთიფიკატებით ვაჭრობა იქნება, არამედ მატერიალური ფასეულობების და აქტივების მოძრაობა. ახლა ისიც კი არ ვიცით რა ტიპის აპლიკაციები იქნება რამდენიმე წლის შემდეგ, ისევე როგორც ინტერნეტის განვითარების საწყის ეტაპზე არავინ იცოდა რომ იარსებებდა „ტვიტერი“, „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „უბერი“. ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის ასევე აპლიკაციების განვითარება ბიტკოინ ბლოკჩეინ ტექნოლოგიისთვის.