Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიჭები არაჩვეულებრივი ღვინის იდეით

5702b2ab85d18
სოფო ბერიძე
04.04.16 22:26
1172
საქართველოდან ათასობით კილომეტრით შორის, გერმანიაში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში ქართულ ღვინოზე შეყვარებული თბილისელი ორი სტუდენტი სწავლობს. ეს გერმანული უნივერსიტეტი უკვე წლებია მეღვინეობისა და ღვინის ეკონომიკის სწავლებაში პირველ ადგილზეა. უნივერსიტეტს ფართომასშტაბიანი კვლევითი ინსტიტუტი აქვს, სადაც მეღვინეობისთვის სპეციალურ რობოტებსაც კი ქმნიან. გიგა და ნიკა უნივერსიტეტში 3 წლის წინ მოხვდნენ.
 
გრიგოლ ბეკოშვილი 23 წლისაა და გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში ინტერნაციონალური ღვინის ეკონომიკას სწავლობს.

"კარგია როცა შენთვის სასიამოვნო საქმეს აკეთებ, მაგრამ უკეთესია როცა ისეთ რამეს ქმნი, რაც შენც მოგწონს და შენს ქვეყანასაც უფრო გამოადგება", - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების პირველკურსელმა სტუდენტმა საბოლოოდ პროფესია ამ პოზიციიდან გამომდინარე აირჩია, მაშინ როდესაც გერმანელი მეგობრისგან შეიტყო, რომ პატარა გერმანულ ქალაქ გაიზენჰაიმში არის უნივერსტეტი სადაც ღვინის ეკონომიკა ისწავლება. „ვიფიქრე, რომ ეს იყო ის, რაც მე მინდოდა“ - ამბობს გიგა.

გერმანულ ენასთან შეხება სკოლის პერიოდიდანვე ჰქონდა, პირველად ევროპული ღვინო თბილისში გერმანელ მეგობართან დააგემოვნა. მას შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა ღვინის არომატს იცნობს, თუმცა გერმანული შპეტბურგუნდერი, იგივე პინონუარი, წითელი ღვინოს მოყვარული მომავალი მეღვინისთვის ნომერ პირველია.

"ერთ საღამოს წვეულებაზე, ერთ ბოთლ ლუდთან ერთად ნიკამ თავისი გეგმები გამაცნო“ - ქართველი ბიჭების მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობაც გერმანული "ვიკენდიდან" დაიწყო.

ვიდრე გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდებოდა, ნიკოლოზ ბატიაშვილმა აგრარულ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სამაგისტრო გრანტი მოიპოვა, თუმცა დაფინანსება უნივერსიტეტის რეფორმირებას შეეწირა. ნიკამ გრანტი დაკარგა, მაგრამ მალევე გაიმარჯვა სამაგისტრო გაცვლითი პროგრამის კონკურსში და სწავლის გასაგრძელებლად ვაინშტეფანის უნივერსიტეტში გაემგზავრა. 6 თვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების შემდეგ ბიომეღვინე აღმოაჩნია, მასთან ერთი წელი დაჰყო, გერმანული ენის ცოდნა გაიღრმავა და შემდეგ გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში მეღვინეობის სპეციალობაზე ჩააბარა.

"პროფესიულად ძალიან ვავსებთ ერთმანეთს", - ამბობენ ბიჭები და ახალი სიტყვა ქართული ღვინის ინდუსტრიაშიც ერთად დაგეგმეს. ნიკას და გიგას მთავარი მიზანი ქვევრის, არაჩვეულებრივი ღვინოა. მომავალი მეღვინეები ამბობენ, რომ გადავსებულ მსოფლიო ბაზარზე წარმატებას მხოლოდ ღვინის ხარისხი მოიტანს, რისი ერთადერთი და ძალიან კარგი ნიმუში, მათი თქმით, ქვევრის ღვინოა.

"ეს არ უნდა შეგვეშალოს ადვილად გაკეთებულ ნატურალურ ღვინოში. ქვევრი ამოუწურავი თემაა, ქვევრში შეიძლება უამრავი ექსპერიმენტის გაკეთება", - გვიხსნის ევროპული განათლების მქონე ქართველი სტუდენტი და ბიზნესგეგმის ნაწილს გვიმხლეს.

ხარისხს გიგა სრულად ნიკას ანდობს. "ღვინის ხარისხიანი დაყენება მისი საქმეა" - ამბობს მეგობარზე და საკუთარ თავზე სწორად დაგეგმილ, ხანგრძლივ დროზე გაწერილ მარკეტინგულ სვლებს იღებს. „ღვინის ეკონომიკა მხოლოდ ღვინის გაყიდვა არ არის", - ესეც გრიგოლ ბეკოშვილის სიტყვებია.

მეგობრები ახლა ტრადიციულ ქართულ ინდუსტრიაში შესვლის წინა ეტაპზე არიან. იფიქრეს საქმე გაზაფხულიდან დაეწყოთ, შეერჩიათ ვენახისთვის საუკეთესო მიწა, ჩაეყარათ ქართული ჯიშები, თუმცა არჩევანი გერმანიაში სწავლის დასრულებასა და არაჩვეულებრივი ღვინის წარმოების იდეის კიდევ უფრო დახვეწაზე გააკეთეს.

"არავითარი დაჩქარება საჭირო არ არის. შეცდომაა როცა უნდათ რომ ორ და სამ წელიწადში საუკეთესო მოსავალი აიღონ. ეს სტრატეგიულად არასწორი გათვლაა. ძალიან მარტივად რომ ვთქვთ, ჩვენი გეგმის განხორციელებას დაჭირდება სავარუდოდ 5 წელი, იქამდე მივდივართ ნელი სვლით, მაგრამ ყველაფერი იქნება დაგეგმილი და სტრატეგიულად გათლილი“, - გვიყვება გიგა.

ამასობაში ფიქრობენ ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსზეც.

"ბიზნესისთვის საჭირო ფინანსებს ვხედავათ პირად რესურსებში თუ რამე გამოჩნდება. თუნდაც პირველად ალბათ ერთი სახლის გაყიდვა, რომ თანხის წილი გვქონდეს. ამას გარდა არის უამრავი პროგრამა, რითაც შეიძლება დაფინანსების მოპოვება", - სტუდენტებს სავარაუდო პარტნიორებზეც ნაფიქრი აქვთ. მალე გერმანიიდან და ავსტრიიდან მეგობრებს საქართველოში ელოდებიან, ქვევრის ღვინის იდეა მათაც აინტერესებთ. ნიკა და გიგა ამბობენ, რომ უკვე აქვთ კონტაქტი მეღვინეებთან, რომელებიც საკუთარ ტურისტულ მეღვინეობას, ღვინოთეკას, მარანს და ღვინის წარმოებას ფლობენ.

"თუ ხარისხიან ღვინოს შევქმნით ძალიან მარტივი იქნება, მათ ღვინოთეკებში გაიყიდოს არაჩვეულებრივი ქართული ქვევრის ღვინო", - ამბობს ნიკა ბატიაშვილი, რომელმაც უკვე იცის, რომ მათი განსაკუთრებული პროდუქტი გამორჩეული სახელითა და ბოთლის დიზაინით გაიყიდება.

ზუსტად იციან, რომ საკუთარ პროდუქტს რუსეთში არასოდეს გაიტანენ. ქართველ ბიჭებს რუსული ბაზარი არ აინტერესებთ. მიზეზი მარტივია, - მომავალი მეღვინეები ამბობენ, რომ მეზობელ სახელმწიფოში არ არსებობს თაობა, რომელიც მათ ქვევრის ღვინოს მოიწონებს. "იქნებ ჩვენი შვილების თაობას მოეწონოს. იქაც ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო კარგი და ცუდი ღვინის გარჩევა", - ამბობს გიგა ბეკოშვილი.

მეგობრები წამყვანი გერმანული უნივერსიტეტიდან ახლა თბილისში არიან. გაგიკვირდებათ და გერმანიიდან საქართველოში გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდნენ. სწავლის პარალელურად ძირეულად ეცნობიან ქართულ მეღვინეობას, სტუმრობენ ღვინოთეკებს, საოჯახო მეურნეობს, დიდ კომპანიებს, აგემოვნებენ პროდუქციას და ამყარებენ კონტაქტებს. ეს გზა გიგამ და ნიკამ ევროპაშიც გაიარეს. ოთხმა წელმა ბიჭებს ღვინოთეკებსა თუ მეურნეობებში მუშობის დიდი პრაქტიკული გამოცდილება დაუგროვა. პრაქტიკულ ნაწილს მათი უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, გარდა ამისა, მუშაობა სტუდენტური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია.

"გეიზნჰაიმის უნივერსიტეტში სწვალა ოფიციალურად უფასოა, თუმცა სემეტრის გადასახადი დაახლოებით 300 ევროა, ამაში შედის სტუდენტური სამგაზვრო ბარათი, ბიბლიოთეკის მომსახურება და ასე შემდეგ. ცალკე გასათვალისწინებელია საცხოვრებელი ხარჯი. კვება იაფია,მაგრამ ძვირია ბინის ქირა", - გერანული ცხოვრების დეტალებს ქართველი სტუდენტები ასე ყვებიან.

ვიდრე არაჩვეულებრივი ღვინის იდეის განხორციელებას აქტიურად შეუდგებიან ჯერ უნივერსიტეტში სადიპლომი ნაშრომი უნდა დაწერონ და სამთვიანი პრაქტიკა გაიარონ. ნიკა გეგმავს რომ პრაქტიკაზე ავსტრიაში წავიდეს, გიგამ ფრაიბურგთან ახლოს ბიომეღვინე აირჩია.შემდეგ მეღვინე და ინტერნაციონალური ღვინის ეკონომისტი სრულყოფილი ევროპული განათლებით საქართველოში დაბრუნებიან, რომ აკეთონ საქმე, რომელიც თავად მოსწონთ და რომელიც ქვეყანას სჭირდება. მეგობრებს არაჩვეულებრივი ღვინის იდეისთვის გარეკახეთში ნიკა ბატიაშვილის მამაპაპისეული 2 ჰექტარი ელოდებათ.