Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბაზრობები სავალდებულო დაზღვევის ინიციატივას აფასებენ

5936796e3590e
სალომე მეცხვარიშვილი
07.06.17 09:43
1728
ბაზრობები პრემიერმინისტრის მიერ გაჟღერებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაზღვევის ინიციატივას დადებითად აფასებენ. თუმცა, "საქმის კურსთან" საუბრისას ამ მიმართულებით არსებულ რამდენიმე პრობლემაზე მიუთითებენ. როგორც საქართველოში არსებული ბაზრობების წარმომადგენლები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რა ეღირება დაზღვევა მეწარმეებისთვის და რამდენად შეძლებენ ამ თანხების გადახდას მოვაჭრეები, მეორე პრობლემად მცირე მეწარმეებში არსებული დაბალი ცნობიერება და სადაზღვევოების მიმართ უნდობლობა სახელდება. კიდევ ერთი პრობლემა რიგ პროდუქციაზე დაზღვევის მექანიზმის არარსებობაა.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით პრემიერმინისტრი გასულ კვირას გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად საკმაო ზარალი მიადგა სავაჭრო ცენტრებსა და იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს.

"ამიტომ, შემოგვაქვს ცვლილება - სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული",- განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ბოლო 5-6 წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ბაზრობაზე მოხდა ხანძარი, რამაც სერიოზული ზარალი მიაყენა როგორც მოვაჭრეებს, ასევე ფართის მფლობელებს. ბოლო ყველაზე მასშტაბური შემთხვევა 2017 წლის 30 იანვარს "ბავშვთა სამყაროში" მოხდა, როდესაც სრულად დაიწვა შენობა და ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია. 2012 წელს ხანძარი გაჩნდა ლილოს ბაზრობაზე - დაიწვა 500 კვადრატული მეტრი ფართობი. სავაჭრო ცენტრ "საბაში" 2013 წელს გაჩენილმა ხანძარმა 6 500 კვადრატული მეტრი ფართი გაანადგურა. 2014 წელს ბათუმში, ხოფის ბაზრობა დაიწვა - ორი მოვაჭრე დაიღუპა და დაიწვა 50-მდე მაღაზია. 2016 წელს ცეცხლი გაუჩნდა ზესტაფონის ე.წ. შავ ბაზარსაც. დაიწვა დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.

ამ შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის სრული რაოდენობა უცნობია. თუმცა, ზოგიერთი ბაზრობის მფლობელმა სწორედ ამ ფაქტების შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი ტერიტორიის დაზღვევა. ასეთია მაგალითად ზესტაფონის სავაჭრო ცენტრი. ბაზრის დირექტორი მერაბ ჩხეტია "საქმის კურსთან" ამბობს, რომ ფართის დაზღვევა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2016 წელს მათს მახლობლად ზესტაფონის ბაზარს გაუჩნდა ხანძარი, ხოლო წლის დასაწყისში "ბავშვთა სამყაროს".

"სიმართლე გითხრათ, მანამდეც გვქონდა მოლაპარაკება კონკრეტულ კომპანიასთან, თუმცა, როცა მოხდა ხანძარი ბათუმში, შემდეგ თბილისში, ასევე ჩვენს გვერდით -ზესტაფონში, გადავწყვიტეთ დაგვეზღვია. დაახლოებით 6 თვეა დაზღვევით ვსარგებლობთ",- აცხადებს მერაბ ჩხეტია.

თუმცა, მფლობელებისგან განსხვავებით დაზღვევით ნაკლებად დაინტერესდნენ ბაზარში მომუშავე მევაჭრეები. ბაზრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაზღვევის სურვილი დაახლოებით 80%-მა გამოთქვა, თუმცა, ჯერჯერობით ძალიან მცირე ნაწილს აქვს პოლისი შეძენილი. 

ლილოში წლების წინ მომხდარი ხანძრის შემდეგ გადაწყვიტა მენეჯმენტმა "ლილო მოლის" დაზღვევაც. როგორც "საქმის კურსთან"  კომპანიის პრეზიდენტი ლევან გაგუა აცხადებს, ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა და დღეს მოვაჭრეების 60% - 70% უკვე დაზღვეულია. მოვაჭრეების გარდა დაზღვეულია სრულად სავაჭრო სივრცეც.

"ყოველთვიურად დაახლოებით 15-30 ლარის გადახდა უწევთ მოვაჭრეებს. ანაზღაურება კი პოლისის მიხედვით არის 15 000- დან 60 ათას ლარამდე. სავალდებულო დაზღვევა მეწარმეებისთვის სავაჭრო ცენტრებში, ვფიქრობ, არ იქნება სწორი, რადგან სავალდებულო დაზღვევა ჯერ მანქანებზეც კი არ გვაქვს, რაც, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია. ამასთან, ვფიქრობ, ცნობიერებაა უფრო ასამაღლებელი მეწარმეებში, რომ გავაგებინოთ რას ნიშნავს დაზღვევა და რომ ნამდვილად მოხდება ზარალის ანაზღაურება",- აცხადებს ლევან გაგუა.

მიუხედავად 6 თვის წინ მომხდარი ხანძრისა დღემდე არ არის დაზღვეული თბილისის ვაგზლის ტერიტორიაზე, "თბილისი ცენტრალში" მდებარე "ოქროს ბირჟა". საიჯარო ფართის მფლობელი ეთერ ყიფიანი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ, ერთი მხრივ, არ არსეობს, ოქროს დაზღვევის მექანიზმები საქართველოში, მეორე მხრივ, მისი აზრით, ფართი შენობის მფლობელმა უნდა დააზღვიოს და არა მოიჯარემ.

"ოქროს დაზღვევის მექანიზმი ჯერჯერობით შემუშავებული არ არის, რადგან ოქრო არის პიროვნების საკუთრებაში, რომელსაც ნაქირავები აქვს ფართი და ეს ფართი მის მფლობელობაში არ არის. როგორც მე მოვიკითხე, ოქროს დაზღვევა შესაძლებელია სახლში ავეჯთან ერთად, მაგრამ არა ასეთ სიტუაციაში. თითქოს ამბობენ, რომ დააზღვევენ ოქროს, მაგრამ სრულყოფილად არაფერი არ არის შემუშავებული. თუ მექანიზმი შემუშავდება, ეს ყველასთვის კარგი იქნება. ამასთან, გააჩნია გადასახადსაც",- აცხადებს ეთერ ყიფიანი.

გლდანის აგრარულ ბაზარში მდებარე კომპანია "მერკატოს" დირექტორი ზურაბ ნადარიაც ფიქრობს, რომ დაზღვევა აუცილებელია და არამხოლოდ ბაზრობების მიმართულებით, არამედ ნებისმიერ სექტორში.

"დაზღვევა ყველგან უნდა იყოს, ნებისმიერ სექტორში - უნდა იყოს დაზღვეული მანქანა, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა. თუმცა, ვფიქრობ, აგრარულ ბაზარში პრუდუქციის დაზღვევის საჭიროება მოვაჭრეებისთვის ნაკლებად დგას, რამდენადაც მათ მცირე რაოდენობა მოაქვთ და იმ დღესვე ყიდიან საქონელს. თუმცა, თავად ბაზრობა, დაზღვეული უნდა იყოს",- ამბობს ზურაბ ნადარაია.