Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაზარზე ციტრუსების ჩირის და ჩაის მწარმოებელი გურული ბრენდი "სკიჯი" გამოჩნდა

56e17a8b379dc
BM.GE
10.03.16 17:26
2088
ქართულ ბაზარზე ნატურალური ჩირის, ჩურჩხელისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი ახალი კომპანია "სკიჯი" გამოჩნდა. როგორც "სკიჯის" დამფუძნებელმა და დირექტორმა "საქმიან დილას" განუცხადა, საწარმო 5000 ლარით სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, დაფინანსდა.

"თანხა საწყის ეტაპზე, საამქროს ასამუშავებლად საკმარისი აღმოჩნდა. ამუშავებიდან ერთ თვეში პროდუქცია მქონდა. როდესაც მუშაობა დავიწყე, ჩემს სოფელში იმ პერიოდში მარტო მანდარინი და კივი იყო, ამიტომ ორიენტირება მათ გამოშრობაზე ავიღე. ახლა ვაწარმოებ - დაშაქრულ მანდარინს, დაშაქრულ კივს, კივის ჩირს, ტყლაპებს, ფორთოხლის ცუკატებს, და ჩურჩხელებს, როგორც თხილის, ასევე ნიგვზის, ჩირის. ჩემი პროდუქცია ნარევია - ყველაფერი გემრიელი და ნატურალური ერთად.
 
ასევე გეგმები მაქვს ჩაისთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ სეზონიდან გამომდინარე, უკვე არც მანდარინია და არც - კივი. ჯერ არაფერი ახალი ხილი არ არის შემოსული და იები აყვავდა, რომელიც ჩაისთვის გამოვიყენე. ჩაიც ნატურალურია, მეზობლის პლანტაციიდან. მინდა, ჩაის მოცვი და სხვა ხილიც დავუმატო.

ჩემი პროდუქტი საცალო მაღაზიებში არ იყიდება, უფრო კაფე-რესტორნებში, შარდენის ბარებში, ტურისტებზე გათვლილ მაღაზიებშია შეტანილი. ერთმა კეთილმა ადამიანმა ერთ-ერთ კლუბთან დამაკავშირა, რომელმაც მირჩია, რომ შარდენზე წავსულიყავი და ეს პროდუქცია ქსელურ მარკეტებში არ შემეტანა. ეს ბევრად მომგებიანია, რადგან ამ პროდუქტს უცხოელები უფრო აფასებენ და ისინი მას საჩუქრებადაც ყიდულობენ. თავიდან ვცადე და “ფუდმარტში“ შევიტანე თუმცა არ გაიყიდა, რადგან ქსელური ღირებულება მომხმარებლისთვის მაღალია. ექსპორტს რაც შეხება, დაინტერესება არის. რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა, მაგრამ ჯერ იმდენი პროდუქცია არ მაქვს, რომ საექსპორტოდ ვიყო მზად. მოცულობის პრობლემაა. ბაზარზე მოთხოვნა არის და და მოცულობა აუცილებლად გაიზრდება. 

ახლა ორიენტირებული ვარ შევიძინო მშრალი მაცივრის მსგავსი სათავსო, სადაც ხილს, ჩირს შევინახავ და შემდეგ აგვისტოში გავყიდი. საწარმოში სამი ოჯახის წევრია დასაქმებული და სამი მეზობელი მეხმარება, ეს  ოჯახური ბიზნესია", - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი.