Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაზარზე ჩაის ახალი ბრენდი გამოჩნდება

59ca2c9f0a89d
სალომე მეცხვარიშვილი
28.09.17 12:26
695
ბაზარზე ჩაის ახალი ბრენდი გამოჩნდება. 2018 წლიდან დახლებზე ერთჯერადი და დასაყენებული შავი ჩაი "საქართველოს თაიგული" გამოვა. ჩაი თანამედროვე ნეილონის შეფუთვაში იქნება განთავსებული.

კომპანიის ხელმძღვანელი ილია ბასილაშვილი "საქმის კურსთან" ამბობს, რომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად ადგილზე დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს.

ქარხანას წელიწადში 50 ტონა მაღალი ხარისხის ჩაის გადამუშავება შეუძლია. საწარმოს 16 მუდმივი თანამშრომელი ეყოლება, სეზონზე კი კომპანია 100-ზე მეტ ჩაის მკრეფავს დაასაქმებს.

ილია ბასილაშვილი ამბობს, რომ კომპანიას ამ ეტაპზე 10 ჰა ჩაის პლანტაცია აქვს, თუმცა, ეს ფართობი არასაკმარისია, რის გამოც „საქართველოს თაიგულს“ მთავრობისთვის მიმართვა და დამატებითი ფართობების მიღება სურს.

ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა "გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების" პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. მისი ღირებულება 420 ათასი დოლარია.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, კომპანიის ხელმძვანელი ამბობს, რომ დღეს სუფთად ქართული წარმოების ჩაი თითქმის არ არსებობს და მაქსიმუმ 7%-8%-ით არის წარმოდგენილი. მისი თქმით, არსებობს ქართული ბრენდები, რომლებიც წარმოებაში ძირითადად უცხოეთიდან შემოსულ ჩაის იყენებენ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბაზარზე ადგილობრივი ნაწარმი 20%-25%-ია. აღნიშნულიდან გამომდინარე "საქართველოს თაიგული" აპირებს ჯერ ადგილობრივი ბაზარი დაიკავოს.

"კონკურენციის გაწევას მხოლოდდამხოლოდ ხარისხით ვაპირებთ. ხარისხი განაპირობებს ფასს. მე არ ვეხები ჩვენს კოლეგა კომპანიებს, რადგან მთავარი შემფასებელი მომხმარებელია. ჩვენ მხოლოდდამხოლოდ გვექნება ნატურალური პროდუქტი",- აცხადებს ილია ბასილაშვილი.