Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე ტვირთების გატარება გამარტივდება

572ca471b764b
BM.GE
06.05.16 17:50
1083
აზერბაიჯან–საქართველოს საზღვარზე საქონლის გატარება მარტივდება. ამის შესახებ აზერბაიჯანში გაეროს რეზიდენტ–კოორდინატორმა გულამ ისაკზაიმ განაცხადა, რომელიც ბაქოში, საკონტროლო გამშვები პუნქტის "წითელი ხიდის" განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
 
"პროექტი მრავალფუნქციონალურია და მისი ერთერთი მთავარი მიზანია საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის უსაფრთხოება, საქონლის ხარისხის დაცვა, რისთვისაც გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. გარდა ამისა, ორი ქვეყნის საბაჟო ორგანოების თანამშრომლებისთვის სპეციალური ტრენინგები ჩატარდება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით," – განაცხადა ისაკზაიმ.

მისივე თქმით, ეს პროექტი ორივე ქვეყანას ევროპასთან დააახლოებს და ევროპასთან მეტად ინტეგრირების საშუალებას მისცემს.

პროექტის დასრულება უახლოესი ორი წლის განმავლობაში იგეგმება.

ევროკავშირი ამ მიზნით 2,7 მილიონ ევროს გამოყოფს, საიდანაც 1,8 მილიონს აზერბაიჯანი მიიღებს.

"წითელი ხიდის“ განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ერთობლივი პროექტია.

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს საზღვრებზე არსებულ შეფერხებებზე გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ.

პრობლემა „კომერსანტთან" საუბარში უკვე რამდენჯერმე წამოსწიეს აზერბაიჯანელმა გადამზიდავებმაც. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ტვირთების გადამოწმების მოტივით, მანქანებს განსაზღვრულზე მეტი ხნით - დღეების განმავლობაში უწევთ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა. პრობლემაზე თურქეთის საელჩოც საუბრობს, რომელსაც დასახმარებლად თურქმა გადამზიდავებმა მიმართეს.

"კომერსანტი"