Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აუდიტი: ფინანსთა სამინისტროს არ აქვს შემუშავებული გადასესხების პოლიტიკა

56ef977d39a86
BM.GE
21.03.16 10:38
1499
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხების მართვის ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა გადასესხებული სესხების მართვის არსებული პრაქტიკა 2010-2015 წლების პერიოდისათვის. აუდიტის შედეგად გამოვლინდა საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების (გადასესხებული სესხები) მართვაში არსებული რიგი ნაკლოვანებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები მათ დასაძლევად.
 
კერძოდ, როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ აქვს შემუშავებული გადასესხების პოლიტიკა, სადაც მსესხებელთა შერჩევის ზოგად კრიტერიუმებთან ერთად მოცემული იქნებოდა, აგრეთვე, გადასესხების პროცესში ჩართული უწყებების ფუნქცია-მოვალეობები. გარდა ამისა, არ არის შემუშავებული რისკების შეფასების მეთოდოლოგია და არ ხორციელდება საკრედიტო რისკების შეფასება. ამასთანავე, ფინანსური სირთულეების მქონე მსესხებელთათვის მიმდინარე გადასახდელების გადავადებისა თუ ახალი ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ ხორციელდება შესაბამისი, დოკუმენტირებული, ფინანსური ანალიზის შედეგად.

"გაცემული სესხების კონტროლისა და მონიტორინგის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ მსესხებელთა მიერ ყოველკვარტალურად წარდგენილი ანგარიშები არ მოიცავს ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და სესხის დაბრუნებადობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კი ზრდის რისკს იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ვერ მოხდება მსესხებელთა ფინანსური სირთულეების დროული აღმოჩენა და მათ დასაძლევად შესაბამისი ეფექტური ზომების მიღება.

გაცემული სესხების აღრიცხვიანობისა და ანგარიშგების კუთხით აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროში არ არის ჩამოყალიბებული საგარეო საკრედიტო რესურსიდან გაცემული სესხების აღრიცხვის ერთიანი, უნიფიცირებული მიდგომა. აღნიშნული კი ვერ უზრუნველყოფს ეფექტური აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკასთან შესაბამისობას", - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ასევე როგორც აუდიტის სამსახური განმარტავს, გადასესხების ფინანსური პირობების დადგენისას არ ხდება საკრედიტო რისკების შეფასება. გარკვეულ შემთხვევებში დონორი ორგანიზაციისათვის ცნობილია გადასესხების შემთხვევაში მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნებასთან დაკავშირებული მაღალის რისკის არსებობის შესახებ. აღნიშნული რისკის პრევენციისათვის და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის დონორის მიერ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა მიზანია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და მისი მომგებიან კომპანიად ტრანსფორმირება. მიუხედავად ამისა, გარკვეულ შემთხვევაში მთავრობის მიერ ვერ ხერხდება მოცემული რეკომენდაციების შესრულება. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც გულისხმობს ტარიფების დადგენის პოლიტიკის გადახედვასა და მათ მოდიფიკაციას.

"მიუხედავად წინასწარ ცნობილი სირთულეებისა, რაც შეიძლება მოჰყვეს სესხის გაცემას, საქართველოს მთავრობა მაინც იღებს გადაწყვეტილებას გადაასესხოს მოზიდული სახსრები. შედეგად, გაურკვეველია თუ რის საფუძველზე მიიღება აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ როდესაც, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ვერ უზრუნველყოფენ სესხის დაბრუნებას. მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შეფასება და გაანალიზება არ ხორციელდება მაშინაც კი, როდესაც მსესხებელი გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის მოტივით ითხოვს მიმდინარე გადასახდელების (ძირითადი თანხა, პროცენტი) გადავადებას", - ვკითხულობთ დასკვნაში.

აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.