Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აჭარაში ღვინის სახლი გაიხსნება

56a33c42e0592
BM.GE
23.01.16 12:37
1787
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ღვინის სახლი გაიხსნება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვისცენტრის ბაზეზე აშენებული ღვინის სახლი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ დაათვალიერეს.

"ღვინის სახლი უახლოეს მომავალში გაიხსნება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ ღვინის სახლის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აგროსერვისცენტრის ტერიტორიაზე არსებულ მეურნეობაში გაშენებულ ვაზის უნიკალურ სახეობებს, რომლებიც წლების მანძილზე გავრცელებული იყო აჭარის რეგიონში“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აგროსერვისცენტრის ბაზაზე გახსნილ ქართული ღვინის სახლში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ღვინის წარმოების ტრადიციებს, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო. ღვინის სახლში განთავსებულია ღვინოსა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხე.

რეგიონში აგრობიზნესის და აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის სახლში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, მცირე ფერმერული და საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინისა და კვების პროდუქტების გამოფენებიც მოეწყობა. ღვინის სახლში განთავსებულ ტექნოლოგიურ საწარმოში ადგილობრივი ფერმერებისთვის ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, ტრენინგების ჩატარებაც იგეგმება.

აჭარის აგროსერვისცენტრის ღვინის სახლს ტურისტული დანიშნულებაც ექნება. აქვე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებულ პირებს აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.