19.Nov.2015 15:07
Economy

8 000-მდე ბენეფიციარს მიწების იჯარის გადაუხდელი თანხები და დარიცხული პირგასამტეხლოები ეპატია

8 000-მდე ბენეფიციარს მიწების იჯარის გადაუხდელი თანხები და დარიცხული პირგასამტეხლოები ეპატია
"მეიჯარეებს, რომლებსაც 1992-2005 წლებში იჯარით ჰქონდათ აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 2104 1 იანვრამდე ვერ შეძლეს დაკისრებული ვალდებულების შესრულება, გადაუხდელი თანხები და დარიცხული პირგასამტეხლოები ეპატიათ" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მინდა გავაკეთო განცხადება "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც დღეს ჩვენ წარვუდგინეთ საქართველოს მთავრობას. ეს ცვლილებები შევა გარდამავალ დებულებებში და ეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწებს, რომლებიც 1992-2005 წლებში იყო გაცემული იჯარით, ეს არის მიწები, რომლებზეც, სამწუხაროდ, წინა პერიოდში, ცუდი ადმინისტრირების გამო, არსებობდა ან არ არსებობდა ხელშეკრულებები და დღეის მდგომარეობით ვერ ხდებოდა ნორმალური ადმინისტრირება. ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებებში გადაუხდელი თანხები ეპატიებათ მეიჯარეებს, ასევე ეპატიებათ ის პირგასამტეხლოც, რომლებიც მათ ამ პერიოდში დაერიცხათ" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულმა პირებმა აუცილებლად უნდა მომართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს იმისთვის, რომ პატიების პროცედურა განხორციელდეს. "ჯამურად, რასაც ჩვენ ვითვლით, აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით რვა ათასამდე ბენეფიციარს. ამ ადამიანებს, ამ ფერმერებს, ამ გლეხებს არავინ ეუბნებოდა, რომ მათ ჰქონდათ ეს ფული გადასახდელი, ამის ადმინისტრირებას არავინ არ აკეთებდა. ჩვენ, ერთის მხრივ, ამ ადამიანებს მივეცით შესაძლებლობა, რომ ეპატიოთ დარიცხული ჯარიმები, მეორეს მხრივ, ამით ვაწესრიგებთ ურთიერთობას გლეხებთან და სახელმწიფო იღებს მოწესრიგებულ ურთიერთობებს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან მიმართებაში" - აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ასევე არის ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებით. „აქაც პრაქტიკულად, იგივე მიმართულებით წავედით: 2005-2007 წლებში გარკვეული რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იყო გაცემული პირდაპირი განკარგვის ფორმით, შესაბამისად, აქაც, მეიჯარეებს იჯარის ნაწილში 2014 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული პირგასამტეხლოები და ასევე გადასახდელი ქირა ეპატიათ იმ პირობით, რომ ისინი წარმოადგენენ განაცხადებს და შემდგომში უკვე ჩვენ მოვაწესრიგებთ მათთან ურთიერთობებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



16.Feb.2019 01:07
100

TBC Bank Filed a Lawsuit against National Bank of Georgia

More
16.Feb.2019 00:53
77

IMF on TBC Bank Case: We Consider that NBG is Doing its Job

More
15.Feb.2019 00:50
74

Pension Agency Calls Upon the NBG to Urgently Advise on What to do with 25 Million GEL

More
15.Feb.2019 00:46
55

498 000 Tourists Visited Georgia for Shopping in 2018

More
14.Feb.2019 20:20
126

NBG demands Mamuka Khazaradze to leave TBC Board

More
14.Feb.2019 00:40
94

Visa-free agreement on ID-card between Ukraine and Georgia will come into force on March 1

More