Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი 16.0%-ით აღემატება თურქეთისას

59379de7ba711
BM.GE
07.06.17 10:30
1209
აპრილში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში 16.0%-ით აღემატებოდა თურქეთის საბაზრო ფასს. საბაზრო ფასი თურქეთში გაიზარდა 22.2%-ით ადგილობრივ ვალუტაში, თუმცა ლირის გაუფასურების გამო დოლარში წლიურად 5.2%-ით შემცირდა და კვტ.სთ.-ზე 4.1 აშშ ცენტი შეადგინა. G&T-ის ინფორმაციით, საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი თითქმის უცვლელი დარჩა (+0.7% წ/წ) და კვტ.სთ.-ზე 4.7 აშშ ცენტი შეადგინა, რაც ძირითადად იმპორტის დაბალი ფასითა და დერეგულირებული ჰესებისგან საბალანსო ენერგიის შესყიდვის წესის ცვლილებით შეიძლება აიხსნას.

2017 წლის 1 აპრილიდან, ბაზრის ოპერატორის (ესკო) მიერ დერეგულირებული ჰესებისგან შეძენილი საბალანსო ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა უმაღლესი რეგულირებული თბოსადგურის ტარიფიდან (14.234 თეთრი კვტ.სთ.-ზე) უმაღლესი რეგულირებული ჰიდროსადგურის ტარიფამდე (9.4 თეთრი კვტ.სთ.-ზე).

2017 წლის აპრილში ასეთი ელექტროენერგიის წილი ესკოს მიერ ნავაჭრ მთლიან საბალანსო მოცულობაში 9.1%-ს შეადგენდა, ხოლო იმპორტი იყო ძირითადი კომპონენტი (52.3%). ჯამურად, 2017 წლის აპრილში საბალანსო ბაზარზე ივაჭრებოდა 280.0 გვტ.სთ., რაც მთლიანი მიწოდებული ელექტროენერგიის 29.1%-ს შეადგენს, დანარჩენი ვაჭრობა კი ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა. იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი საქართველოში წლიურად 11.6%-ით შემცირდა 2016 წლის აპრილის საკმაოდ დაბალი ბაზიდან (-29.5% წ/წ) და კვტ.სთ.-ზე 4.6 აშშ ცენტი შეადგინა. ასეთი მნიშვნელოვანი კლების ძირითადი მიზეზი რუსეთიდან, „სალხინოს“ ელექტროგადამცემი ხაზით იმპორტირებული ელექტროენერგიის სუბსიდირებული ფასი იყო.